“შაბათს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს – თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა”

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს, – ამის შესახებ ,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

,,დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ ყოვლისა, გაცნობებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის რა თქმა უნდა გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.
დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები