კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა.

,,ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია „ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.

როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა. ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ოცნების ამომრჩეველს და პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”-ს. მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შემქნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის განმავლობაში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები… ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას. ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული“ – წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები