ზაალ ანჯაფარიძე: საქართველო ისე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპულ სტრუქტურებთან, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. ,,ქართული ოცნებასთან“ ერთად მისი 8-წლიანი მოღვაწეობა პოლიტოლოგებმა შეაფასეს. ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს დაუკავშირდა:

-რამდენად მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან სწორედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ?

-ბევრისთვის შეიძლება, მოულოდნელიც იყო, მაგრამ პირადად ჩემთვის მისი გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა. ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებაც სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. 2020 წლის არჩევნები მან ,,ქართული ოცნებისა“ და ხალხის გამარჯვებად შეაფასა.

-ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა რიგგარეშე არჩევნებს ხომ არ უკავშირდება?

-,,ქართულმა ოცნებამ“ ცალსახად განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნები ქვეყანაშ არ გაიმართება. 31 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრეცედენტი იყო, რომლის გადახედვას არავინ აპირებს. ახლა დრო გვიჩვენებს, როგორ დალაგდება სიტუაცია პარტიაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორ გადანაწილდება პოზიციები და ვინ იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დროა, ახალგაზრდები გამოვიდნენ სამოღვაწეო ასპარეზზეო.

-ივანიშვილის 8-წლიან პოლიტიკურ მოღვაწეობას როგორ შეაფასებდით?

-ემოციების გარეშე რომ გავაანალიზოთ 8-წლიანი პოლიტიკური ციკლი, 2012 წლის არჩევნებიდან 2020 წლის არჩევნებამდე, ვნახავთ, რომ ქვეყანაში, წინა ხელისუფლების მმართველობის სტილთან შედარებით კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. ერთსა და იმავე ობიექტს სამჯერ და ოთხჯერ აღარავინ ხნიდა, ,,ქართული ოცნება“ მიზანმიმართული იყო საკუთარ გადაწყვეტილებებში და კარგად ჰქონდა გაანალიზებული მისი შედეგები. ავიღოთ თუნდაც სოფლის მეურნეობა, რომელშიც, 2012 წლიდან მოყოლებული, უპრეცედენტოდ დიდი თანხები ჩიდო. სერიოზული ცვლილებები მოხდა ქართულ ეკონომიკაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ ყოფილა ომი. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის დამანგრეველი შედეგები, რომელსაც დღემდე იმკის საქართველო. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ოპონენტები ,,ქართულ ოცნებას“ დღემდე ამუნათებენ, რომ ისინი ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ. არადა, ისე ახლოს დასავლურ სტრუქტურებთან საქართველო არასდროს ყოფილა, როგორც ამ 8 წლის განმავლობაში: ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება, 2014 წლის შემდეგ ნატო-სთან თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ოქროს პაკეტის ფლობა, როდესაც საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა გახდა. ამდენისთვის საქართველოს არცერთი ხელისუფლების დროს არ მიუღწევია. მინდა, საგანგებოდ გამოვყო ქართული მედიასივრცე, რომელსაც არავინ ზღუდავს და აბსოლუტურად გახსნილია. ოპოზიციურ პარტიებს დღეს 4 ტელევიზია და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო ემსახურება და მათ ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. შიშის სინდრომი, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებაში დათესა, უკანმოუბრუნებლად ჩაბარდა წარსულს.

-ოპონენტები ივანიშვილს ხშირად საყვედურობენ, რომ იყო ბევრი დაპირება, რომელთაგან ბევრი ვერ შესრულდა.

-არ მინდა, სირაქლემის პოზიცია დავიკავო, თითქოს, პრობლემები არ ყოფილა. ამას თავად ივანიშვილიც აღიარებს საკუთარ წერილში. ბევრი რამ მართლაც ვერ შესრულდა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო. თუმცა, რაც გაკეთდა, ქმნის მყარ ფუნდამენტს იმისათვის, რომ პოსტპანდემიური მდგომარეობიდან ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს.

-ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ოპონენტები საკუთარ გამარჯვებად შეაფასებენ?

– რასაკვირველია, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურის გადადგომას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვება. ოპოზიციის მხრიდან დაიწყება ფსიქოლოგიური და საინფორმაციო შეტევები როგორც მათთან ასოცირებული არასამთვრობო ორგანიზაციების, ისე, ოპოზიციური მედიის მხრიდან და ივანიშვილის გადადგომასაც საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ მოვლენები კანონზომიერად განვითრდა.

-,,ქართულ ოცნებაში“ კარდინალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

-არ მგონია. სახელისუფლებო პარტიის ხედვა გაწერილია ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო პროგრამაში. მთავარია, ახლა მთავრობამ მოახერხოს პანდემიის შეჩერება და მისი შედეგების მაქსიმალურად ლოკალიზაცია. გარდა ამისა, საფიქრებელია ოპოზიციის ერთი ნაწილის ქცევაც, რომელიც საბოტაჟს ეწევა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ. მთავარია, პოლიტიკური სიტუაცია იმგვარად განიმუხტოს, რომ არ მივიღოთ პოლიტიკური კრიზისი, გაგრძელდეს დიალოგის პროცესი. დარწმუნებული ვარ, პოზიციასა და ოპოზიციას შორის მოხდება მოლაპარაკება და მთავარ საკითხებზე შეჯერება.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები