ენათმეცნიერი ირინე ასათიანი გარდაიცვალა

ენათმეცნიერი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე სოციალურ ქსელში ენათმეცნიერ ირინე ასათიანის გარდაცვალების შესახებ წერს.
„კიდევ ერთი დიდებული ენათმეცნიერი გამოგვაკლდა!
ქალბატონი ირინე ასათიანი – ლაზურის გამორჩეული მკვლევარი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი, სულითა და ხორცით უმშვენიერესი პიროვნება, დინჯი, გულიანი, სამაგალითო მამულიშვილი…
უფალმა მოიხსენოს მართალთა თანა!
P. S. ჩემდამი და ჩემი შვილისადმი მუდამ განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას იჩენდა. უღრმესი მადლობა მას ამისათვის“! – წერს თეიმურაზ გვანცელაძე.

ირინე ასათიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის ასპირანტურა ზანურის სპეციალობით.
1947 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
დაიცვა დისერტაცია თემაზე – „პრევერბი ზანურში“. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (რვატომეულის) შედგენისას. მუშაობდა აგრეთვე რუსულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულზე (II და III ტ.). მას შედგენილი აქვს ჭანურის დოკუმენტური ლექსიკონი. გამოსცა ჭანური ტექსტები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული შრომა.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა ირინე ასათიანის „ლაზურ-ჭანური ტექსტები“ და „ლაზური ლექსიკონი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები