დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
4 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურისა და განათლების სფეროებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე.
საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე – ინდოეთში. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. აღინიშნა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე ვაქცინაციის პროცესის დაწყებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.