„პარაპეტი“ – დავით წერედიანის პოეტური კრებული

დავით წერედიანს პოეტური კრებულისთვის „პარაპეტი“ გარდაცვალების შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გამომცემლობა „ინტელექტი“ ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობას აქვეყნებს კრებულზე:
„დავით წერედიანის ლექსებში იგრძნობა განსაკუთრებული ხასიათი, პიროვნული და შემოქმედებითი ხასიათი. მის ხელში სიტყვას ჯადოსნური საფანელი აქვს მოკრებილი და პოეტური ზემოქმედების „იარაღად“ არის გადაქცეული. საგნები ქმნიან პოეზიას – შენ თვალწინ, შენი თანდასწრებით. მშვიდი, სასაუბრო ინტონაცია შემპარავად, საყვარელი მელოდიასავით აღვიძებს ფანტაზიას. ყველაფერი გესმის, მაგრამ ახსნა გიჭირს, რადგან ეს აზრის მუსიკაა.
მისტიკა – შეიძლება ასეც ვუწოდოთ იმ უცნაურ ფლუიდებს, რომლებიც დავით წერედიანის ლექსებიდან მოედინება – ძალიან მახლობელი და მოუხელთებელი, ნათელი და იდუმალი, გასაგები და შეუცნობელი. სიტყვები უარყოფენ სინტაქსის კანონებს, რათა თვითონ დაადგინონ ურთიერთკავშირის წესები და რაღაც სასწაულით ამას ახერხებენ კიდეც.
აზრი სიტყვებში კი არ იკითხება, არამედ ექოში, რომელსაც ისინი გამოსცემენ. სიტყვა, როგორც ფენომენების შეკვრა და სიტყვები, როგორც ბგერწერის თაიგული. რა არის ეს ბგერწერა – ალიტერაცია? არის და არც არის; ასონანსი? – მარტო ხმოვანი ვერ იტვირთავს შინაარსის სიმძიმეს; რითმა, რიტმი, ინტონაცია? ძნელი სათქმელია. აქ მარტო სემანტიკა უძლურია. მთავარი რაღაც სხვა არის, არა ზოგადი, არა ცნობილი, არამედ ინდივიდუალური, სუბიექტური, შინაგანი, იმანენტური.
ეს არის პოეტური სიტყვათშეთანხმების ახალი, ორიგინალური წესი, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი, მაგრამ მუდამ შენთან იქნება, როგორც უსასრულო დღესასწაული“.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია პირველად 2018 წელს გაიცა და გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები