დავით ჩიხელიძე: მიუხედავად რთული პერიოდისა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო და იმაზე მეტი გააკეთა, რასაც ქართულ ჯარსა და საზოგადოებას დაჰპირდა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების 2020 წლის შეფასებას ეხმაურება.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა, 2020 წელი შეაფასეს, რომელიც ცალსახად მძიმე გამოდგა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის. მიუხედავად სიძნელეებისა, ქართულმა სახელმწიფომ და ცალკეულმა სამინისტროებმა/მინისტრებმა შეძლეს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, როგორც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, დიდ პროგრესს და წარმატებას მიაღწიეს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სფეროში, სამინისტრო კი განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანეს.
„კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულმა მოქალაქემ და სახელმწიფო უწყებამ დიდი როლი ითამაშა, (ჯანდაცვის სამინისტრო, შსს, თავდაცვის სამინისტრო და ა.შ). მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამინისტრომ, რომლის პროფილი სამედიცინო
საქმიანობა არ გახლავთ, შეძლო და შესანიშნავად გაართვა თავი კოვიდ პანდემიის მართვას, ქართველმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ სახელმწიფოს ქართული ჯარის სახით ჰყავს საიმედო საყრდენი, რომელთა ნდობა ნებისმიერ დროს, ხილული და უხილავი მტრის პირობებში არის შესაძლებელი.

ღარიბაშვილის დანიშვნის დროს, ვუსმენდი რა მის გამოსვლას მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი სიტყვები და დაპირებები დარჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, რადგან წარმოდგენილი პროგრამა ძნელად
შესრულებადი მეჩვენებოდა. საბედნიეროდ ვცდებოდი. მიუხედავად რთული პერიოდისა მან შეძლო და იმაზე მეტი გააკეთა, რასაც ქართულ ჯარს და საზოგადოებას დაპირდა. არ შევჩერდები დეტალებზე, უბრალოდ ვიტყვი, რომ
რეორგანიზაცია ფაქტობრივად ყველა მიმართულებას შეეხო. არ მომერიდება ვთქვა, რომ ქართული ჯარის განვითარების ახალი ეტაპი, სწორედ ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნის დღიდან იღებს სათავეს/იწყება. განვითარება შეუძლებელია მყარი ფუნდამენტის გარეშე, სწორედ ამიტომ პირველ რიგში განხორციელდა:
• ასობით სამხედრო ობიექტის რეაბილიტაცია
• კვების რაციონის მოწესრიგება
• საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
• ახალი სამხედრო ფორმის შესყიდვა
• ანაზღაურების ზრდა (წოდების მიხედვით) და ა.შ
აღნიშნული გახლავთ, ის ბაზისი საიდანაც დაიწყო განვითარებას, შემდეგი ნაბიჯები იყო:
• წვრთნები საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით
• საჰაერო თავდაცვის გაძლიერება
• პირველად ისტორიაში, განხორციელდა ქართული საბრძოლო მანქანის შესყიდვა
• მკვდარი წერტილიდან დაიძრა ბინათმშენებლობის პროექტი
• განახლებული სადაზღვევო პაკეტი
• განათლების სტიმულირება
• ქართული ავიაციის აღდგენა(საჰაერო აპარატების შეკეთება/წარმოების დაწყება)
• ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდა და სხვა.
აღნიშნული გახლავთ მიმდინარე ან უკვე შესრულებული პროექტები, რაც ხაზს უსვამს, რომ საუბარს და სიტყვებს მიღმა არის საქმე! გასული წელი სამხედროზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელი სამხედროზე ზრუნვის მაგალითს წარმოადგენდა.
ჩვენს ქვეყანას წინ კიდევ უამრავი გამოწვევა და ქარტეხილი ელის, რომლის დაძლევაში განუზომლად დიდი როლი ექნება ქართულ ჯარს, ისტორიის განმავლობაში მუდამ ასე იყო, ქართული სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალას
ქართული არმია წარმოადგენდა, ძლიერი ჯარი ქმნიდა ძლიერ სახელმწიფოს.
დღეს გვყავს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ხელეწიფება ჯარის კიდევ უფრო გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული თანხვედრა. ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს უდავო პირობაა!
პ.ს. ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნებას (განვლილი ერთი წლიდან გამომდინარე) ერთი ფრაზით შევაფასებ, „დაე საქმემან ჩემმა წარმომაჩინოს”. მან საქმით შეძლო და დაამტკიცა, რომ ღირსეული და საჭირო მინისტრია!”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები