რით იყო ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი 2020 წელი და რა სიახლეებს უნდა ელოდნენ საქართველოს მოქალაქეები დამდეგ 2021 წელს, ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტ ვლადიმერ ბოჟაძეს ესაუბრა:
-გასული წლის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების შეფასებით დავიწყოთ.
-კოვიდინფექციამ მსოფლიოში კაცობრიობის ცხოვრების წესი შეცვალა. სწორმა სახელისუფლებო განკარგულებებმა და საზოგადოების დამოკიდებულებამ საქართველოში ვირუსის მიერ მიყენებული ზარალის კონტროლირებად ჩარჩოებში მოქცევა შეძლო. გაზაფხულზე, მაშინ – როდესაც მთელს მსოფლიოში ვირუსი ძალებს იკრებდა, ჩვენ სრული “ლოქდაუნით” შევძელით მისი შეჩერება და კარგი შედეგებიც მივიღეთ. ზაფხულის განმავლობაში ფრთილად განვავითარეთ ეკონომიკაც და შიდატურისტული სექტორიც. მართალია, შემოდგომა და ზამთარი დაავადების მზარდი მაჩვენებლით აღინიშნა, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ქვეყანა საარჩევნო პროცესში იყო ჩართული, პოლიტიკური ჯგუფები მოსახლეობაში აგიტირებდნენ და ამიტომ მკაცრი ღონისძიებებისგან ხელისუფლებამ თავი შეიკავა, რათა დაეცვა მოქალაქეთა საარჩევნო უფლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობაც უპრეცედენტოდ მაღალი იყო, რომლის მსგავსი 2012 წლის შემდეგ საქართველოში აღარ დაფიქსირებულა. 31 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა, პროპორციით 120/30-ზე. საარჩევნო ბარიერმაც 1%-მდე დაიწია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი პალამენტი მიგვეღო და მივიღეთ კიდეც. საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 9 პარტიას გაუჩნდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შანსი.
-მიუხედავად ამისა, 2020 წლის ბოლოს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია ახორციელებს კანონშემოქმედებით მუშაობას.
-2018 წლიდან მოყოლებული, ქართველი ამომრჩეველი პერმანენტულ საარჩევნო პროცესშია ჩართული. მესამე სექტორს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს, ფაქტობრივად, არ ამოგვისუნთქავს. ამ პერიოდის განმავლობაში გაფორმდა 8 მარტის პოლიტიკური შეთანმება პარტიებს შორის, ივლისის მოვლენები და საპროტესტო აქციები რუსთაველზე. დააკვირდით ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას ამ ხნის განმავლობაში. მათ არც 8 მარტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დღემდე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სისტემა უცვლელი დარჩეს მინიმუმ კიდევ 4 წლის განმავლობაში.
-2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციას ,,საიდუმლო გეგმა“ ჰქონდა და არჩევნების რეალური შედეგები არ აინტერესებდა?
– 8 მარტის კონსენსუსის მისაღწევად პოზიციამ, ოპოზიციამ და უცხოელმა ფასილიტატორებმა დიდი ენერგია დახარჯეს, ბოკერია და რიგი პოლიტიკოსები კი ოცნებობდნენ მოლაპარაკების ჩაშლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა სურვილი გაითვალისწინეს, მათ ბოლოს აღარც ეს აინტერესებდათ და ემზადებოდნენ არჩევნების მეორი დღისთვის, 1-ელი ნოემბრისთვის. ოპოზიცია დასავლეთის რეაქციას ელოდა და თვლიდა, რომ რევოლუციას ააგორებდა, მაგრამ მათი გეგმა ვერ განხორციელდა. ეუთო-მ, ევროკავშირმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადებები, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდა ამომრჩევლის უფლებების სრული დაცვით. მართალია, ხარვეზები დაფიქსირდა, მაგრამ არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ეს არის მთავარი. 1992 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტი ასეთი მრავალფეროვანი არ ყოფილა სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ბარიერმა 1%-მდე დაიწია. ,,ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 1-ელ ნოემბერს მიხვდა, რომ მათ წააგეს არა მოლოდ 2020-ს საპარლამენტო, არამედ – 2021 წლის ადგილობრივი და მომავალი 2024 წლის არჩევნებიც კი.
-რა გაძლევთ ასეთი პროგნოზის საფუძველს?
-8 მარტის შეთანხმების საფუძველზე 2024 წელს საარჩევნო ბარიერი 4%-მდე აიწევს. 2020 წლის არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, 2024 წელს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვას მხოლოდ 3-4 პარტია შეძლებს. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლოა, საკრებულოებსა და მერიებში მოლოდ ,,ქართული ოქნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდნენ. 2024 წელს კი ,,ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება მხოლოდ საკუთარი ძალებით ურავლესობის დაკომლექტება და ამისთვის აუცილებლი არ იქნება კოალიციურ გაერთიანებაზე ფიქრი. ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო, ნახევარი მილიონი – ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ არჩევნებში ,,ნაციონალების’’ მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ხმის მოპოვება, რომელიც მათ სხვა ოპოზიციონერებისთვის უნდა წაერთმიათ. მათ 7-ჯერ მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მესამე ადგილას გასულმა ,,ევროპულმა საქართველომ.“ ჯამურად, ,,ნაციონალებმა” 1,5-ჯერ აჯობეს დანარჩენ ოპოიციას და წინასაარჩევნო ამოცანაც შეასრულეს.
-მთავარი ოპოზიციური პარტიის შემდგომი ამოცანა 2021 წელს რა იქნება?
-,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მიზანი ისაა, რომ პარლამენტმა ვერ მოახეროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და მომავალი 2024 წლის საარჩევნო ბარიერის დაწევა. ყველა სხვა პატარა ოპოზიციური პარტიის შესვლითა და თანხმობითაც კი, ,,ნაციონალების“ მონაწილეობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორცილდება, ამიტომაც, პრინციპულად არ შედის პარლამენტში.
-მთელი მათი პროტესტი სწორედ მაღალი ბარიერის შენარჩუნების მცდელობას ემსახურება?
-აბა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, საარჩევნო ბარიერის დაწევას არ მივცეთ ხმასო? ამიტომ, ურჩევნიათ, ფასადურად შეინარჩუნონ არჩევნების გაყალბებაზე განრისხებული პოლიტიკური ორგანიზაციის პოზა, ვიდრე მთავარი მიზეზი აღიარონ. სადმე, რომელიმე სივრცეში, თუნდაც “ფეისბუქზე” გინახავთ, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერებს მოეთხოვათ პარტიისგან, დიახ, თქვენ მოგეცით ხმა და მოვითხოვთ, არ შევიდეთ პარლამენტშიო? დღეის ამოცანით, ისინი ცდილობენ, 2024 წლის არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩნენ და ხელისუფლებას პირისპირ ესაუბრონ.
-საკონონმებლო ორგანოს მიღმა, ქუჩაში დარჩენილ პატარა პარტიებს რა ბედი ელით?
-ერთადერთი, ვინც ქუჩაში დარჩენით არ წააგებს, ისევ ,,ნაციონალური მოძრაობაა.“ წინა პარლამენტში ,,ნაციონალებს“ პარლამენტში 6-კაციანი ფრაქცია ჰქონდათ, მათ განაყოფ ,,ევროპულ საქართველოს“ კი გაცილებით მრავალრიცხოვანი, 21-დეპუტატიანი ფრაქცია. მიუხედავად ამ საპარლამენტო განლაგებისა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” 31 ოქტომბერს ამომრჩევლის ნახევარმილიონიანი მხარდაჭერა მიიღო, ,,ევროპელებმა“ კი – 73 000 ხმა. ასე რომ, ქუჩაში ,,ნაციონალები“ არ დამარცხდებიან. ერთდერთი, სადაც ისინი შეიძლება, დამარცხდნენ – პარლამენტია, სადაც მათი კონკურენტი შეიძლება, გახდეს ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ოპოზიციური ძალა. ახლა მათთვის მთავარია, მომავალ პარლამენტში რომელიღაც მესამე ძალამ არ ჩააჩოჩოს, ესაა და ეს.
-,,ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 2020 წელს თავიდან იშორებს 2024 წლის პოლიტიკურ კონკურენტებს?
-მათ გამარჯვება მხოლოდ თავიანთთვის უნდათ. გახსოვთ ,,ნაციონალურ“ გერბზე 12 შეკრული ისარი რას ნიშნავს? 12 მოკავშირეს, მაგრამ გამარჯვებულ ,,ნაციონალებს“ აღარც საკუთარი მოკავშირე ,,ეროვნულ დემოკრატები“ ჩაუგდიათ რამედ და აღარც რესპუბლიკელები გახსენებიათ. ქუჩაში დარჩენილი ,,ნაციონალური მოძრაობა“ დღეს წაუგებელ თამაშს თამაშობს, თუმცა, რატომ ბრიყვდება ასე დანარჩენი ოპოზიცია და რატომ დადის მათ ჭკუაზე, ჩემთვის გაუგებარია.
ია დანელია