მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა; covid-19-ით 1.79 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა, დაწყების დროიდან covid-19-ით 1.79 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 58 მილიონზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, მსოფლიოში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 191 047 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

უცხოური მედია ასევე საუბრობს ბრიტანეთში ახალი ვაქცინის დამტკიცებაზე.

“ბრიტანელი მეცნიერების ტრიუმფი – ასე შეაფასა ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის „ასტრაზენეკა“ დამტკიცება. დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს. „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ბიბისი“ წერს, რომ დიდ ბრიტანეთს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 100 მილიონი დოზა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი ადამიანი ვაქცინაციას ითვალისწინებს.

ვაქცინის დამტკიცებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონიც.
„ეს არის ნამდვილად ფანტასტიკური ახალი ამბავი და ტრიუმფი ბრიტანული მეცნიერების. მოხმარებისთვის დამტკიცდა ოქსფორდის ვაქცინა AstraZeneca. ჩვენ ახლა ავცრით რაც შეიძლება მეტ ადამიანს და რაც შეიძლება სწრაფად” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.

ასევე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთში კოვიდის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

“ერთ-ერთი მედიკოსის განცხადებით, მედვეის საავადმყოფოს ეზოში სასწრაფოებს ექვსი საათი რიგში დგომა მოუხდათ, რათა ექიმებს მიეღოთ პაციენტები. ბოლო პერიოდში, გაერთიანებულ სამეფოში, ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობის გამოვლენის გამო, მთავრობა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემა უკიდურესი ზეწოლის ქვეშ მუშაობს, ვინაიდან ამჟამად, ინგლისისა და უელსის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, პირველი ტალღის პიკის დროს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულსაც კი აჭარბებს; მედიკოსების განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ დასტაბილურდა, საავადმყოფოებში პალატები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სწრაფად გადაიტვირთება. ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის ზამთრის სეზონზე გართულებული სხვა დაავადებები.
29 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირებულის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 53 135 ახალი შემთხვევა. საავადმყოფოებში ამჟამად იმაზე მეტი პაციენტია მოთავსებული, ვიდრე კოვიდის პირველი ტალღის პიკის დროს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების განცხადებით, ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი
ასევე, შობის მეორე დღეს სასწრაფო დახმარებამ მიიღო 8 000-მდე გამოძახება და იმის გამო, რომ პალატებში არ იყო საკმარისი ადგილი, ექიმები იძულებულნი იყვნენ პაციენტებისთვის დახმარება სასწრაფოს მანქანებში აღმოეჩინათ.

ევროპის ცალკეული ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მთავრობის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარმართულიყო. თუმცა, გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა შესყიდვის საბუთების მოწესრიგების დაგვიანება, რაც თავისთავად გამოიწვევს ვაქცინაციის შეფერხებას. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ არაა დაზუსტებით ცნობილი, რა რაოდენობით იღებენ ვაქცინას.
გასულ კვირას გერმანიის კანცლერი მერკელი პირადად ესაუბრა BionTech-ის დამფუძნებლებს, თუმცა, შეთანხმებული ოდენობა არ იქნება საკმარისი. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გერმანიაში ვირუსის გავრცელების დონე არის მაღალი”,-წერს უცხოური მედია.

მათი განცხადებით, აშშ-ში, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გამოიკვეთა ჰოსპიტალიზირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია, რაც ჯანდაცვის სექტორის ექსპერტების შეფასებით უარყოფითად აისახება სისტემაზე.

“მათი თქმით, ექიმებს მოუწევთ მოუარონ იმ პაციენტებს და ადამიანური რესურსებიც გადაანაწილონ მხოლოდ მათზე, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენისა და გამოჯანმრთელების. მხოლოდ 28 დეკემბერს, აშშ-ში, საავადმყოფოებში გადაყვანას საჭიროებდა 121 235 კოვიდ ინფიცირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ასევე, სექტემბერში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობდა ინფიცირებულების 16%, დეკემბრის თვეში ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება 2021 წლის იანვრის დასაწყისში, დღესასწაულების შემდეგ, რისი ვარაუდის საშუალებასაც, სხვა მონაცემებთან ერთად, იძლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტოდ გაზრდილი მობილობა
ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ უნდა მოემზადოს, რომ 2021 წლის იანვარში ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გამწვავდება. არსებობდა მოლოდინი, რომ 2021 წლის 1 იანვრისთვის აშშ-ში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იქნებოდა აცრილი, თუმცა, დღევანდელი მაჩვენებელი ახლოსაც არაა დაგეგმილთან. ამასთან, 28 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით აღირიცხა 168 817 კოვიდ ინფიცირებული და გარდაიცვალა 1 718 პაციენტი”,-წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია ისრაელში, ირლანდიაში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

ისრაელში კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელმა მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს ოქტომბრის შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 დეკემბერს 5 449 კოვიდ ინფიცირებული აღირიცხა.

28 დეკემბერს, ირლანდიაში, კორონავირუსით ინფიცირების 765 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

29 დეკემბერს, გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირების 12 892 და გარდაცვალების 852 ფაქტი გამოვლინდა; 29 დეკემბერს, გერმანიაში ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში ცირკულირებს, გერმანიაში ნოემბერში ფიქსირდებოდა და მისი იმპორტირება დიდი ბრიტანეთიდან მოხდა.

29 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 27 002 და გარდაცვალების 562 ფაქტი გამოვლინდა;

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში ინფიცირების 6 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, ვირუსით კიდევ 232 ადამიანი გარდაიცვალა;

28 დეკემბერს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 15 197 და გარდაცვალების 256 ფაქტი დაფიქსირდა”,-წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები