ანატოლი კალგინის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი-ალბომი გამოიცა

ინჟინერისა და არქიტექტორის ანატოლი კალგინის დაბადებიდან 145 წელი შესრულდა (1875-1943). ეროვნულ მუზეუმში მომზადდა და გამოიცა საიუბილეო წიგნი-ალბომი ანატოლი კალგინის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ანატოლი კალგინი XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სახელოვნებო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. 1900-1930-იან წლებში მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესები. წინამდებარე წიგნი-ალბომი ანატოლი კალგინისადმი მიძღვნილი პირველი გამოცემაა.
„წიგნში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების ფონდში დაცული ანატოლი კალგინის შემოქმედების სრული კოლექცია და პარალელური მასალა, მათ შორის, XX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა ავტორების განუხორციელებელი პროექტების საკონკურსო ნახაზები.
წიგნი მოიცავს სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, საარქივო დოკუმენტებს, უნიკალურ დოკუმენტურ ფოტომასალას, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნდა პირველად“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ხელმძღვანელი – ეკა კიკნაძე; წიგნის ავტორები – გვანცა ბერძენიშვილი და დავით ნიორაძე.
პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები