„ამ საშობაო სახლში მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი“…

ხატვა პანდემიის დროს დაიწყო. თანდათან, მუშაობის დროს, მუზამაც გაიღვიძა და სურვილიც გაიზარდა.
ხატავს მაისურებზე, ქურთუკებზე, ჩანთებზე, ტილოზე, კედელზე, სადაც მიუწვდება ხელი – ყველაფერზე.
ახალი წლის მოახლოებამ კი ახალი შთაგონება გაუღვიძა – საშობაო სახლი შექმნა და ახლობელ ადამიანს საჩუქრად გაუგზავნა. ახალ წელს კი ოჯახთან ერთად ახალი საშობაო სახლით შეხვდება. – ხატია ბექაურის პერსონა

 – პანდემიის დროს შემთხვევით დაიწყეთ ხატვა…
– დედამ გამზარდა. ბავშვობა რთული, მაგრამ საინტერესო მქონდა, ხატვას ვერ დავარქმევ. მხოლოდ ბავშვური ჩანახატები გამიკეთებია. წლების შემდეგ თავისით შემახსენა თავი ხატვამ.
პანდემიის დროს ოჯახთან ერთად ვისვენებდით აგარაკზე, მოიწყინეს ბავშვებმა და გადავწყვიტე, ცოტათი გამეხალისებინა დღე, დავისვი ჩემი პატარები და მოვაწყვეთ შეჯიბრი (ძველი გამხმარი გუაში და სამი ფუნჯი მქონდა)…
ამ თამაშ-თამაშში მივხვდი, რომ ჩემი ნახატი რეალურს ჰგავდა. მანამდე ჩემი მეუღლე დაგვცინოდა, რამდენი ფიროსმანი მყოლიაო… ნახატი რომ დავასრულე, ზურა (მეუღლე) ჩუმად ადგა და წავიდა,  20 წუთში მოვიდა, მოიტანა ფუნჯების ნაკრები და უამრავი საღებავი.  და მერე… დავიწყე და დავიწყე.
როგორ დაიბადა პირველი ნახატი. თქვენი ნამუშევრების უმეტესობაზე ქალია გამოსახული…
– უმრავლესობა მართლაც ქალი და მისი ლამაზი სხეულია.  პირველი ნახატი – ქალი კი რაღაცით მე მგავდა, ემოციას ვერ გადმოვცემ… უბედნიერესი ვიყავი…
– ამ ბოლო დროს საშობაო სახლებს აკეთებთ…
– საშობაო სახლი  სასაჩუქრედ ავაწყე უმნიშვნელო ნივთებით, როგორიცაა: მუყაო, კვერცხის კონტეინერი,  ხის გამხმარი ტოტები, ბამბა…  ყველა დეტალი ხელით დავამუშავე და ისეთი სახლი გამოვიდა, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მას აქვს ბუხარი და თოვლიანი ულამაზესი ეზო…
– ოჯახი ალბათ ჩართულია თქვენს საქმიანობაში და მათ აზრსაც ითვალისწინებთ მუშაობის პროცესში?
– რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი ჩემი მუზაა. ზურა (მეუღლე) მასალებით მამარაგებს… ჩემი შვილები მეხმარებიან აწყობაში და იდეებსაც მაწვდიან.
  გაქვთ გვერდი Khatia’s Art room-ხატიას არტ ოთახი ვინ გეხმაურებათ?
– გვერდი ახალი შექმნილია. მემატებიან ქართველებიც და უცხოელებიც. შეკვეთებს რაც შეეხება, უმეტესობა გაჩუქებული მაქვს, გაყიდვით ჯერჯერობით არაფერი გამიყიდია.
ვხატავ მაისურებზე, ქურთუკებზე, ჩანთებზე, ტილოზე, კედელზე, სადაც მიმიწვდება ხელი – ყველგან.
ჯერჯერობით კი დიასახლისი ვარ, და თუ დრო მრჩება,  მაშინ ვხატავ.  მინდა ხატვის გაგრძელება  და ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს გამოფენასაც გავმართავ.

– ჰობი…
 – დიზაინი.
როგორ შეხვდებით ახალ წელს? თქვენი გაკეთებული საშობაო სახლი გექნებათ?
– რა თქმა უნდა, ტრადიციულად ოჯახთან ერთად. დაწყებული მაქვს ჩემი საშობაო სახლი და ახალი წლისთვის დავასრულებ..       

                                                                                                      

 

                                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები