2020 წლის პოლიტიკური შეფასებისა და ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესაფასებლად ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს დაუკავშირდა
– პოლიტიკური მოვლენებით დატვირთულ 2020 წელს, სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით, რამდენად წარმატებულად შეაფასებდით?
-მთავარი პოლიტიური გამოწვევა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო და ეს დემოკრატიული ტესტი როგორც ქვეყანამ, ისე საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარეს. გარკვეული განვითარება შეინიშნება ოპოზიციურ სპექტრშიც. ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, გამოჩნდა ახალი ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მოაზროვნე ადამიანებით. რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიო პანდემიას, ამ უხილავ სენს, რომელმაც მთელი კაცობრიობა და ჩვენი ქვეყანა დააზარალა. თუმცა, მიმაჩნია, რომ მის პირველ ტალღას საქართველოს ჯანდაცვის სექტორმა და ხელისუფლებამ ძალზე წარმატებით გაართვეს თავი. რაც შეეება ,,კოვიდ 19“-ის მეორე ტალღას, რომელიც უარესი შედეგების მომტანი იყო მთელი დასავლეთისა და ამერიკისთვის, რომლებსაც საქართველოზე გაცილებით ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ – არც აქ დაგვიყრია ფარ-ხმალი და მასაც შედარებით მომზადებულნი შევხვდით. საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია წარმოჩინდა, როგორც ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და კრიზისმენეჯერი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, უხარვეზოდ გაართვა თავი უდიდეს გამოწევებს. თბილისელი ვარ და არ შემიძლია, არ მიხაროდეს ჩემი ქალაქის წინსვლა – მისი მერის, კახი კალაძის აღმშენებლობითი საქმიანობა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად იმუშავა ამ წელს და ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო გაამშვენიერა.
-გუშინ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი თავმჯომარე აირჩია. მთელი თვის განმავლობაში ექსპერტები მსჯელობდნენ არჩევნების მოსალოდნელ შეეგებზე, რომელი კანდიდატისკენ გადაიხრებოდა სააკაშვილის სიმპათიები…
-მოლოდინი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის მოსვლით რამე შეიცვლებოდა, არ მქონია. რასაკვირველია, სააკაშვილს უფრო ესიამოვნებოდა თავისი ბავშვობის მეგობრის, ლევან ვარშალომიძის ხილვა პარტიის თავმჯომარის სავარძელში, თუმცა, არც ნიკა მელიას მოსვლით დაზარალდება ყოფილი პრეზიდენტის ინტერესები, რადგან სააკაშვილი მთლიანად აკონტროლებს პარტიის შიდა სტრუქტურებს, ფინანსურ ნაკადსა და ტელევიზიას. ნიკა მელიამ, რომელიც ახლა მზარდ პოლიტიკურ ლიდერად ითვლება, პარტია რომც დატოვოს და საკუთარი თამაშის წამოწყება ისურვოს, ის სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაძლოა, პარტიის 2-3%-ს დაემუქროს საფრთხე. ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც უკვეთავს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ თანხები კი სააკაშვილის უერთგულესი კადრის, კობა ნაყოფიას ხელშია.
-საინტერესოა ,,ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებიც.
-,,ევროპული საქართველო“ ყველაზე მეტად დაზარალდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. დღეს მისი ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აპირებს პარტიის დატოვებას. რაც შეეხება პარტიის 90%-ს, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ძირითად პარტიულ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ, პარტია უკვე დატოვეს.
-რა გახდა ,,ევროპული საქართველოს“ ჩამოშლის მთავარი მიზეზი?
-31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ტოტალური იმედგაცრუება და კეზერაშვილის მიერ ფინანსების გადაკეტვა.
-კეზერაშვილი ,,ევროპული საქართველოს’’ შედეგებით უკმაყოფილო დარჩა?
-როგორც ვიცი, ის ახლა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიაზე აპირებს ფსონის დადებას.
-თუ პარტიული სტუქტურებიც ჩამოშლილია და აღარც ფინანსები გააჩნიათ, რა ბედი ეწევათ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერებს: უგულავას, ბაქრაძეს, ბოკერიას?
-ის ბედი – რასაც იმსახურებენ და რაც ქართველმა ამომრჩეველმა განუსაზღვრა. დეზორგანიზებულ პარტიას ლიდერების ისტერიკა და ქუჩაში ბღავილი, როგორც წესი, ვეღარ შველის ხოლმე.
-,,ლელო“, ,,გირჩის“ ნაწილი, გიორგი ვაშაძის პარტია მომავალი წლიდან როგორ უნდა მოიქცნენ, რომ პოლიტიკურად გადარჩნენ?
-გუშინ ძალიან საინტერესო იყო ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის მიმართვა დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისადმი. ფაქტობრივად, 0%-იანი რეიტინგის მქონე პარტიათა ლიდერები აბულინგებენ რეიტინგით მათზე 10-ჯერ ძლიერი პარტიების ლიდერებს და მოუწოდებენ მათ დესტრუქციისკენ. ხაზარაძის გუშინდელი გამოსვლა ყველაზე ადეკვატური იყო, როგორც ჩანს, მან ყურად იღო ფიქრია ჩიხრაძისა და დავით უსუფაშვილის რჩევა, პარტია პარლამენტში შესულიყო. ბურჯანაძე -ოქრუაშვილი ვინმეზე ცუდს თუ იტყვიანს, როგორც წესი, ქართველი ხალხი მათზე კარგს ამბობს, ვინც ახლა ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის ბულინგს შეუშინდება, ის კარგა ხანს დარჩება პოლიტიკური პროცესების მიღმა.
-იმ აზრზე რჩებით, რომ პოლიტიურ ასპარეზზე ახლადგამოჩენილი, შედარებით პატარა პარტიები ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ ძალმომრეობას განიცდიან?
-გიორგი ვაშაძე, ,,გირჩი“, ,,ლელო“ და ,,პატრიოტები“ მაინც 31 ოქტომბრის ელდისა და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ და უჭირთ ამ განწყობიდან გამოსვლა. თავად შევიდნენ ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლიდან გამოსვლაც მარტივი აღრ აღმოჩნდა. როგორ გაართმევენ თავს ამ ამოცანას, ძნელი სათქმელია. ელისაშვილმა გადადგა სწორი ნაბიჯი და თუ ახლა ის პარლამენტში არ შევა, მაშინ გაურკვეველი დარჩება, რა იყო ამ ბრძოლის მიზანი. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისი პარტნიორი თაკო ჩარკვიანი რომ არ ყოფილიყო, პარტიაში იყვნენ საღი ძალები, მაგალითად, პაატა მანჯგალაძე და სხვები, რომლებიც ურჩევდნენ საკუთარ ლიდერს – შესულიყო პარლამენტში და განეგრძო პოლიტიკური ცხოვრება. ,,პატრიოტებს“ დღემდე არ ჩაუხსნიათ პარტიული სია, მხოლოდ გარკვეულმა დეპუტატებმა განაცხადეს უარი საპარლამენტო მანდატებზე. გუშინ დავინახეთ, რომ მათი პარტიის მე-2 წევრი შევიდა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ,,პატრიოტები“ სრულად გამოიყენებენ თავიანთ 4 სადეპუტატო მანდატს.
-პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოუცხადეს ბოიკოტი, მომავალ წელს
როგორღა აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?
-საქმეც ეგაა, რაც უცილობლად ადასტურებს იმ აზრს, რომ ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკანი მეტია, ვიდრე – პოლიტიკოსი, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ძნელია – უწოდო პოლიტიკოსი. ორი ნაბიჯით წინ ვერ თვლიან პროცესების მიმდინარეობასა და მოსალოდნელ შედეგებს. მთავარი მტერი დღევანდელი ქართული ოპოზიციისა არა არჩევნების გაყალბება, არამედ ისაა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, ერთთეთრიან საღირალსაც აღარ წარმოადგენს!
ია დანელია