„მეცნიერება კაპიტანია“ – ესკიზების კონკურსში ვაჟა კავლელიშვილის ნახატი საუკეთესო სამეულში მოხვდა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელი ახალგაზრდა მხატვარმა, ვაჟა კავლელაშვილმა მოხატა. – ამის შესახებ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
ვაჟა კავლელაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. დროის უმეტეს ნაწილს ხატვას უთმობს, თუმცა ყოველთვის ცდილობს, ხელოვნების გარდა, სხვა დარგებსაც გაეცნოს. სწორედ სიახლეების ძიების პროცესში, საკუთარი თავის განვითარების მიზნით, გადაწყვიტა „მეცნიერება კაპიტანიას“ ესკიზების კონკურსში მონაწილეობის მიღება, სადაც მისი ნამუშევარი საუკეთესო სამეულში დასახელდა.
ვაჟა კავლელაშვილი: „ხელოვნება და მეცნიერება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათი კავშირი რაციონალური გონებისა და ადამიანური შეგრძნებების მთელ ნაზავს წარმოადგენს და ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს.
კედლის მხატვრობას რაც შეეხება, ეს მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა, რადგან მხატვარს საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს: ნახატი თავის ამბავს ჰყვება, ხოლო მნახველი დიალოგში თავისი ცნობიერებით შედის. ჩვენს ქვეყანაში ბევრი „მუნჯი“ კედელია, სწორედ ამიტომ ვცდილობ, სადაც შესაძლებელია, დავტოვო ჯანსაღი გზავნილი, რომელიც ადამიანებს ენერგიასა და მოტივაციას შეჰმატებს. კონკურსის ფარგლებში სწორედ ამის საშუალება მომეცა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კონკრეტულად ამ ნახატში ორი ჩვენგან შორეული, წყლისა და კოსმოსის, სამყაროა წარმოდგენილი. დღეს მსოფლიო ოკეანის ძალიან მცირე ნაწილია შესწავლილი, ასევე, გვაქვს უკიდეგანო კოსმოსი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ამ ორ სამყაროს შორის კი ადამიანია, რომელიც ცდილობს ძიების დინებას გაჰყვეს“.
ცნობისათვის: საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ესკიზების კონკურსი. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული, რომლებიც თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების ევროპულ სივრცეებს თავად ხატავენ.
🇬🇪🇪🇺 უნივერსიტეტებში ევროპული სივრცეები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მოაწყო. 2021 წლიდან ევროპულ სივრცეებში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები განთავსდება.