შალვა პაპუაშვილი – ,,სამართლიან არჩევნებს”: გვერდს ნუ უვლით თარიღებს, „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“, არ არის საკმარისი პასუხი

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ
ქსელში „სამართლიან არჩევნებს“ მიმართავს.

როგორც ის წერს, ,,სამართლიანმა არჩევნებმა” არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება.

„მისასალმებელია, რომ ISFED-ის გამგეობა ჩაერთო და ცდილობს საკითხში გარკვევას. თუმცა, დღეს რაც მოვისმინეთ, ეს არ არის საკმარისი და კვლავ დატოვა/გააჩინა კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემის გარეშე ISFED-ის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება.

მთავარი – გვერდს ნუ უვლით თარიღებს. „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი. ყოფილმა თავმჯდომარემ ყველა ინტერვიუში და დღესაც გვერდი აუარა თარიღების დასახელებას. არადა, ზოგ საკითხში თარიღი გადამწყვეტია.

ასე რომ, ახლა უკვე სამართლიანი არჩევნების (ISFED) გამგეობისგან მოველი, რომ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღებს:

რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირ-ის ექსპერტი?

რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი?

რომელ რიცხვში მიხვდა თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი?

და ბოლოს, მადლობელი ვიქნები, თუ ახლა უკვე ISFED-ის გამგეობა აღარ გაიმეორებს „იქნებოდეს იქნება მიდგომას“, თითქოს, ხარვეზი ვინმეს მიყურადებით აღმოვაჩინეთ.

ნუ შეუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას (ბოლო-ბოლო, თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვის პროექტს).

პატივი ეცით თქვენს, ჩვენსა და საზოგადოების ინტელექტს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები