ნიკოლოზ სამხარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა ამ პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით, ეს ისეთი შეცდომა არ არის, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის ცოდნა სჭირდება
„ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ელენე ნიჟარაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჩვენ ISFED-თან ვთანამშრომლობდით, მათ შორის, „საარჩევნო კოდექსის“ რეფორმირების დროსაც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ISFED-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
სამხარაძის თქმით, იმ შეცდომის ამოცნობას, რომელიც ორგანიზაციამ დაუშვა, მეხუთეკლასელი მოსწავლეც კი შეძლებდა.
„მე იმ შეხვედრაზე ვიყავი, როდესაც ჩვენ ქალბატონ ელენეს შევხდით. მას მაშინვე რომ გაეთვალისწინებინა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, რომ იქ აშკარად არის რაღაც მარტივი შეცდომა ფორმულაში, შეიძლება, ის ისევ ყოფილიყო ISFED-ის ხელმძღვანელი.
არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, რა მოხდა ამ პარალელურ კვლევასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ პრობლემა არ არის. ამან შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ზოგადად არასამთავრობო სექტორის სანდოობას. ეს ისეთი შეცდომა არ არის, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის ცოდნა სჭირდება. ნებისმიერი მეხუთე-მეექვსე კლასელი მოსწავლე, რომელსაც პროცენტები ნასწავლი აქვს, შეძლებდა, ამოეცნო, სად იყო პრობლემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამას ნათელი მოეფინოს – ეს იყო მანიპულაცია, წინასწარ შეცნობით გააკეთა ვიღაცამ თუ უბრალოდ შეცდომა იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ISFED -ს ეს პარალელური დათვლის შედეგები ხელზე დაიხვია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც ვითომ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.
„ჩვენ ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა იმდენად ნათელი იყო, რომ ეს შეცდომა იყო, რომ ამის გადამოწმება შეიძლებოდა იმავე დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს და ამას არ უნდა დასჭირვებოდა არც აუდიტი და ერთთვიანი პროცედურა. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ ერთმა ან ორმა ადამიანმა სპეციალურად შეცვალა ფორმულა. ამის თქმის უფლება არ მაქვს, მე არ ვარ არც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ძალიან კარგად გამოჩნდა პროცესების დასრულების შემდეგ, როდესაც ISFED -ს ეს პარალელური დათვლის შედეგები ხელზე დაიხვია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც ვითომ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე განცხადებით, მცდარია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება, თითქოს ეს მონაცემები მანდატების განაწილებაზე გავლენას არ ახდენდა.
„ესეც არ არის მართალი. ოთხ მანდატზე ახდენდა ცვლილებას იმიტომ, რომ ზედა ჩამკეტი არსებობს, რაც ასევე „ისფედმა“ არ გაითვალისწინა, როდესაც ეს განცხადება გამოაქვეყნა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.