ნათია თურნავა: ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ხალხის ფული დაგაფინანსებს

“პარტიების დაფინანსების კანონპროექტი, პირველ ყოვლისა, ძალიან მარტივი ლოგიკაა. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

თურნავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„ამომრჩეველმა ხმა მისცა ცხრა პარტიას და სწორია, რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ცივილიზებულად მართავდნენ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით. ამერიკის ელჩს ამ შეფასებაში აბსოლუტურად ვეთანხმებით და ეს მართლაც ასეა. როდესაც ამომრჩეველი ხმასა და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში მათი ინტერესები წარმოადგინო, ქუჩის გზა ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობაა. ამას სხვა შეფასება არც შეიძლება, ჰქონდეს, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, პირველ ყოვლისა, ძალიან მარტივი ლოგიკაა. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ დავინახეთ რა სხვადასხვა სპეკულაციის საფრთხე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნოთ ჩვენს პარტნიორებს, ეუთო/ოდირ-სა და ვენეციის კომისიას, რომ მათაც თავიანთი მოსაზრება გამოთქვან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები