რა სანქციები არსებობს ნაძვის ხეების უკანონოდ მოპოვებაზე და რა შემთხვევაში შეიძლება წიწვოვნების რეალიზაცია – სპეციალისტის განმარტება

რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრა, რა სანქციებია დაწესებული და შეიძლება, თუ არა წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერი გზით მოპოვება – რეალიზაცია? – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ ისაუბრა.

ჩხობაძის თქმით, წიწვოვანი მცენარეების უკანონოდ მოპოვებაზე ჯარიმები საკმაოდ მაღალია.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულები არიან, გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ჰქონდეთ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე მონიტორინგს აძლიერებს. ახლახანს დეპარტამენტმა რეალიზაციის პუნქტებზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარეების გამოვლენის მიზნით მასშტაბური მონიტორინგი ჩაატარა. საბედნიეროდ, სამართალდარღვევის ფაქტი ამ ეტაპამდე გამოვლენილი არ არის. გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო იმ საჯარიმო სანქციების შესახებ, რომელიც სამართალდამრღვევს ელოდება იმ შეთხვევაში, თუ მოხდება უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი რესურსის გამოვლენა და იდენტიფიცრირება. საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია: მერყეობს 200 ლარიდან- 2000 ლარამდე. სანქციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა წიწვოვანი ხე-მცენარის მოპოვება. დაცულ ტერიტორიებში თუ მოხდა მოპოვება ჯარიმა საკმაოდ მაღალია: 1500-დან 2000 ლარამდე , ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი, იმ შემთხვვეაში თუ დაცულ ტერიტორიაზეა მოპოვებული ზიანი ორმაგდება. დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვების ადგილებზე, ტრანსპორტირების პროცესზე, რეალიზაციის პუნქტებში.
თუ ტრანსპორტირების პროცესში გამოვლინდება ავტომობილზე დატვირთული წიწვოვანი ხე-მცენარეები და დადგინდება, რომ უკანონოდაა მოპოვებული, პირს სატრანსპორტო მანქანა ჩამოერთმევა და ის სპეციალურ ავტოსადგომზე იქნება გადაყვანილი. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ეს ხარჯები ჯარიმასთან და გარემოსთვის მიყნებულ ზიანთან ერთად სამართალდამრღვევს დაეკისრება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში , თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აღემატება.
უმორჩილესად ვთხოვ მოსახლოებას, თავი შეიკავონ წიწვოვანი ხე- მცენარეების უკანონოდ მოპოვებისგან. შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება“- განაცხადა მაია ჩხობაძემ.

მანვე განმარტა, რა ზიანი ადგება გარემოს, თუ წიწვოვან ხე-მცენარეს ველურ ბუნებაში უკანონოდ მოიპოვებენ.

„ისმის კითხვა: შეიძლება, თუ არა წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერი გზით მოპოვება და რეალიზაცია? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წიწვოვანი ხე-მცენარე მოპოვებულია კერძო საკარმიდამო ნაკვეთში, სანერგე მეურნეობებსა და პლანტაციურ მეურნეობებში. ყველა ქვეყანაში საახალწლო ნაძვის ხეების გამოსაყვანად მოწყობილია სანერგე და პლანტაციური მეურნეობები.
თუ ჩვენ წიწვოვან ხე-მცენარეს ველურ ბუნებაში მოვიპოვებთ გარემოს დიდ ზიანს ვაყენებთ. თუ ხე-მცენარეს წვეროს მოვაჭრით, მას მცენარეს განვითარების, ზრდის უნარს ვუკარგავთ. ამავდროულად, მცენარეს გამრავლების უნარიც ეკარგება, ვინაიდან ბევრ წიწვოვანს, მაგალითად სოჭის გირჩს წვეროში უვითარდება გირჩი, რომელიც არის მისი გამრავლების მთავარი ორგანო , საიდანაც ხდება თესლის მოპოვება.
სამწუხაროდ, ბრაკონიერები, ძირითადად წვეროს მოჭრით მოიპოვებენ წიწვოვან მცენარეებს“- განაცხადა მაია ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები