გიორგი ვაშაძე: ვენეციის კომისიისთვის მიმართვა ნიშნავს გამოსავლის ძიებას „ქართული ოცნებისთვის“
“ვენეციის კომისიისთვის მიმართვა ნიშნავს გამოსავლის ძიებას „ქართული ოცნებისთვის“, მის მიერვე შექმნილი, ჩიხზე უფრო ჩიხური სიტუაცია რომ განმუხტოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სვლამ ოპოზიციის პოზიციაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა და ჩაფლავდა.
„კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ კრიზისს უფრო აღრმავებს. მათ ეგონათ, რომ ამ შანტაჟით ვინმე დაეთანხმებოდათ და პარლამენტში შევიდოდა. რეალურად, რა მოხდა – ოპოზიციამ მკაფიო მოსაზრება დააფიქსირა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს; ზუსტად ვიცი, მკაცრ შეფასებებს მიიღებს „ქართული ოცნება“. მათ მოუწიათ უკან დახევა და ამ პროცესის შეჩერება, რასაც მივესალმები და მოვუწოდებ, სჯობს, გამოსავალზე იფიქროთ, მეგობრებო და არა იმაზე, რომ ვიღაცას აიძულოთ რამის გაკეთება. ხომ ხედავთ, რომ ეს იძულება ვერ ხდება.
ვენეციის კომისიისთვის მიმართვა ნიშნავს გამოსავლის ძიებას „ქართული ოცნებისთვის“, მის მიერვე შექმნილი ჩიხზე უფრო ჩიხური სიტუაცია როგორ განმუხტოს. მათმა სვლამ ოპოზიციის პოზიციაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა და ჩაფლავდა. მივესალმები ამ გამოსავლის ძიებას. არასდროს არ იქნება ჩვენი დასავლური ინსტიტუციების მხრიდან პოზიციური შეფასება ასეთ სადამსჯელო კანონებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირ-სა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.