„ყოველთვე იცვლება ჩემი საყვარელი ქვა“ – ხელოვანი, რომელმაც გემოლოგიის პირველი ქართული ინტერნეტენციკლოპედია შექმნა

მუსიკის სამყარო ბავშვობიდან იზიდავდა, 12 წლის იყო, პირველი სიმღერა რომ დაწერა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლის შემდეგ სწავლა სხვა სპეციალობით განაგრძო. სტუდენტობის დროს ჩამოაყალიბა დუეტი, წერდნენ სიმღერებს და სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალში მონაწილეობდნენ.  მაგრამ იყო კიდევ სხვა გატაცება, რომელსაც მაშინ დიდ ყურადღებას არ აქცევდა – მინერალოგია.
ბოლოს ეს გატაცება სერიოზულ საქმიანობაში გადაიზარდა: უფასოდ გამოსცა ნატურალური ქვების პირველი ქართული ინტერნეტენციკლოპედია. პარალელურად, საიუველირო და მინანქრის ხელოვნებასაც დაეუფლა… რამდენიმე გამოფენის შემდეგ, 2018 წელს,  აშშში, მინერალების გამოფენაზე, დასასწრებად მიიწვიეს.
ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში, მინერალოგიასთან ერთად  ბოლო ერთი წელია, თავისით ისწავლა ხატვა.
ამბობს, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტზე მუშაობს დიზაინისა და სამკაულის განხრით. – მარი (კელი) დუას პერსონა.

– დავიბადე ქალაქ თბილისში, 90-იანების ყინვაში, მაშინ ვაკე-საბურთალოზე ვცხოვრობდით.
ბაღში არ მივლია. განსაკუთრებული მოსწავლე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ისტორია და წერა ძალიან მიყვარდა, უმეტესად ბოლო მერხზე ვიჯექი და გაკვეთილების დროს სხვადასხვა ფილმისა თუ წიგნის იდეებზე ვიმტვრევდი თავს. ვწერდი ძალიან ბევრს, ვწერდი ჩემს გარემოზე, გრძნობებზე და პატარ-პატარა თავგადასავლებზე, რომლებიც იმ დროს ძალიან საინტერესო და მკითხველის მომნუსხავი მეგონა.
იმხანად  მუსიკაც გიზიდავდათ.გალობის წრეზეც კი დადიოდით…
– 6 წლის რომ ვიყავი, დედამ პარალელურად  მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა.  მუსიკის გარემოში ყოფნა მართლაც ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ ეტიუდებისა და კლასიკური ნაწარმოებების დაზეპირება-შესრულება დიდ სიხარულს არ მანიჭებდა, სამაგიეროდ, ამავე სკოლაში იყო ქართული საეკლესიო გალობის წრე, სადაც სულმოუთქმელად გავრბოდი ხოლმე. სწავლის მეხუთე წელს გადავწყვიტე, კლასიკისთვის თავის დანებება და მთლიანად გალობისთვის დროის დათმობა, რამაც მხოლოდ ერთ წელს გასტანა, შემდეგ ჩემი გუნდი დაიშალა და მეც სხვა მიმართულებისკენ გადავინაცვლე, მივხვდი, რომ შესრულებაზე მეტად შექმნა მიზიდავდა და  საკუთარი ნაწარმოებების წერა დავიწყე.
12 წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავწერე ტექსტითა და მუსიკით, მას შემდეგ წერისთვის თავი არ დამინებებია.
– მუსიკის ნიჭი გქონდათ და მაინც, სხვა სპეციალობაზე განაგრძეთ სწავლა…
– მუსიკის განხრით სწავლას არ ვაპირებდი, იმაზეც კი ვმსჯელობდი, საერთოდ ჩამებარებინა თუ არა უმაღლესში. საბოლოოდ, რადგანაც უცხო ენებისკენ მიდრეკილება მქონდა, გადავწყვიტე, ინგლისური ენის სპეციალობაზე სწავლის გაგრძელება. პარალელურად მე და ჩემმა მეგობარმა ჩამოვაყალიბეთ დუეტი, ვწერდით სიმღერებს და ვმღეროდით. ცოტა ხანში გავთამამდით და სხვადასხვა ფესტივალში დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების წარდგენა.
პირველი კონცერტი სწავლის პირველ კურსზე მქონდა, არ დავმალავ და გეტყვით, უნივერსიტეტმა მეორე თვიდან დაიწყო ჩემთვის გაუფერულება, ბოლოს ლექციები და გამოცდები ჩემს ტვინს  საერთოდ აღარ ეკარებოდა და წლის ბოლოს გადავწყვიტე, უნივერსიტეტისთვის თავი დამენებებინა. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ გულით ვგრძნობდი, რომ იმას არ ვაკეთებდი, რაც უნდა მეკეთებინა.
მე და მეგობარმა სხვადასხვა კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა, ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, თავდაუზოგავად ვმუშაობდით, დღეებს სარეპეტიციოში ვატარებდით, ასევე დავიწყე რადიოში მუშაობა, სადაც გადაცემა მიმყავდა და სულ მუსიკასთან ვიყავი ახლოს, მაგრამ იყო კიდევ ერთი სფერო, რომელიც თავს არ მანებებდა, მაშინ ეს უბრალოდ ჰობი მეგონა.
– ვიცი, რასაც მეტყვით – ძვირფასი ქვები, რითიც მე გაგიცანით…
– 18 წლის ვიყავი, როდესაც ჩემთვის შევქმენი ფეისბუქის გვერდი – ძვირფასი ქვების გალერეა, მაშინ უბრალოდ მათმა სილამაზემ გამიტაცა და იმდენად დავინტერესდი, რომ დიდი შემართებით დავიწყე მინერალოგიაზე ინფორმაციის მოძიება. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში ქვებზე ინფორმაცია  არ მოიპოვებოდა, მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდზე იყო მწირი მიმოხილვა, რომელიც ჩემთვის ამ ულამაზესი სფეროს ზედაპირის გაკაწვრის ტოლფასი იყო. კარგა ხნის ძიების შემდეგ მივაგენი რამდენიმე სანდო გემოლოგიურ საიტს, აქედან უკვე სხვა მასალების  მოძიებაც შევძელი და დაბადების დღეზე მოგროვებული ფულით რამდენიმე რუსული და ინგლისურენოვანი წიგნი შევუკვეთე, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მქონოდა ქვებზე, მათ ნატურალურობასა და სახეობებზე.
ჩემს აღმოჩენებს ფეისბუქზე ვაზიარებდი, არც გამკვირვებია, როდესაც მინეროლოგიით ჩემსავით დაინტერესებულმა ადამიანებმა დაიწყეს პოსტების შემჩნევა. მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ ფეისბუქის პოსტები საკმარისი არ იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩახლართულ თემებს განვიხილავდი, ამიტომაც შევქმენი ბლოგი სახელად –  KelisBlog.
ხალხმა თქვენს გვერდს მალევე  მიაქცია ყურადღება
– მოთხოვნა არა მხოლოდ ინფორმაციაზე, არამედ ნატურალურ ქვებზეც გაჩნდა. ამიტომაც დავიწყე კონტაქტი სხვადასხვა მწარმოებელთან – მცირე რაოდენობით, მაგრამ ნატურალური ქვების საქართველოში ჩამოტანა შევძელი.
2016 წელს  ძვირფასი ქვების ინტერნეტენციკლოპედიაც სრულიად უფასოდ გამოეცით…
– ნელ-ნელა კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში გემოლოგიური ინფორმაციისა და ტერმინოლოგიის დეფიციტი იყო. ბევრგან ბრმად ნათარგმნი ტექსტები მხვდებოდა, ზოგან საერთოდ აბსურდები ეწერა, ამიტომაც გადავწყვიტე, ამდენი ხნის ნაგროვი ინფორმაციისთვის თავი მომეყარა და 2016 წელს პირველი ქართული ინტერნეტენციკლოპედია სრულიად უფასოდ გამოვეცი ახალ საიტზე – Kelistones.ge.
ამ პროექტის განხორციელებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. მოიცავს 100-მდე სახეობის მინერალის, კრისტალისა და ქვის განხილვას და მიმაჩნია, რომ ქართული ინტერნეტსივრცითვის დიდი შენამატია.
– პარალელურად საიუველირო და მინანქრის ხელოვნებითაც დაინტერესდით…
– სანამ ენციკლოპედიაზე ვმუშაობდი, ახალი პროფესიის შესწავლაც მომინდა, ჩავაბარე კოლეჯში და საიუველირო და მინანქრის ხელოვნებას დავეუფლე. ამან მომცა იმის საშუალება, რომ KeliStone-ს სამკაულის ბრენდის მიმართულება კარგად გამეღრმავებინა, მეტს ვმუშაობდი დიზაინზე და ფერთა შეხამებაზე, გავმართე რამდენიმე გამოფენა და 2018 წელს აშშ-ში, მინერალების გამოფენაზე დასასწრებად მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი და ახალი თავგადასავლებისკენ გავემართე.
– საიუვილერო და მინანქრის ხელოვნება აითვისეთ. ქმნით კიდეც სამკაულებს ქვებისგან და მინერალებისგან. როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რომელი ქვის სამკაული შეიძინოს, რომ მოუხდეს? ამაში თქვენ ეხმარებით?
– როდესაც ქვის არჩევაზეა საუბარი, რთულია, მომხმარებელი არ დაიბნეს, მითუმეტეს, თუ ამ სფეროში გარკვეული არ არის. უმეტესად ყველგან სხვადასხვა ინფორმაცია წერია ქვის შერჩევის მეთოდებზე.
მე პირადად გირჩევდით, კარგად გაეცნოთ ამა თუ იმ ქვის აღწერას და ის აარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად ემთხვევა თქვენს გემოვნებას, სურვილებს და მიზნებს. დასაწყისისთვის შეიძლება ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაც, რადგანაც ხელმისაწვდომია უკვე არსებული სიები ნიშნის დამახასიათებელი ქვებით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ, ყველა სია არ ინდობა და ყველა ქვა არაა აუცილებელი. კარგად დააკვირდით ქვის დასახელებებს და შემდეგ ცალკეულად მოიძიეთ მათზე ინფორმაცია. ხშირად ხდება, რომ ზოდიაქოს სიებში ახსენებენ ისეთ ქვებს, რომლებიც ძალიან ძვირია ან საერთოდ აღარ იშოვება, მაგალითად, საფირონი, ლალი, ალექსანდრიტი. თანამედროვე ჩამონათვალში მათ ალტერნატივები ეყოლებათ.
– გაქვთ ფეისბუქგვერდი: KeliStones  – ნატურალური ქვები და სამკაული. მაინც რომელ სამკაულებზეა დიდი მოთხოვნილება?
– ყველაზე პოპულარული პირადი სამაჯურებია, რომელსაც ჩვენი დიზაინერი, დედაჩემი, ქალბატონი ია ქმნის. სამაჯურები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, კონკრეტული მსურველისთვის დამზადებული სამაჯურის დიზაინს აღარ ვიმეორებთ. რა თქმა უნდა, გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ქვები.
ამას წინათ, სხვადასხვა ქვისგან დამზადებული ჭიქები გამოაქვეყნეთალბათ ყველა ქვა ცხელ  სითხეს ვერ აიტანს. თქვენ რომელი ჭიქა მოგწონთ პირადად?
–  კრისტალების უმეტესობა უდიდესი სიცხისა და წნეხის შედეგად ყალიბდება, შესაბამისად, უპრობლემოდ იტანენ მაღალ ტემპერატურას, მაგრამ არის გამონაკლისებიც. მაგალითად, ცნობილი ფაქტია,  ამეთვისტო 700 გრადუსზე ფერს იცვლის, ყვითლდება, სწორედ ასე მზადდება ციტრინის იმიტაცია. ასევე ყველა მინერალი ვერ უძლებს წყალს, მაგალითად, სელენიტი, სტრუქტურის გამო წყალზე ბზინვარებას კარგავს და იფშვნება. ჩემთვის ყველა ულამაზესია.
–  საყვარელი ქვა
ყოველთვე იცვლება ჩემი საყვარელი ქვის ვინაობა. განსაკუთრებულად ძოწი და ციტრინი მიყვარს.
ჰობი
– ხატვა, მუსიკა, წერა და როლიკები. დაახლოებით 1 წელია, რაც კიდევ ერთი ახალი საყვარელი საქმე გამიჩნდა, ჩემით ვასწავლე ხატვა, ფერების გამოყენება და რეალობის ჩემებური აღქმის ფურცელზე გადმოტანა. მიყვარს საკუთარი თავისა და გარემოს ყოველდღიურობის აღბეჭდვა.
– მთელი ოჯახია ჩაბმული…
– დღეს KeliStones-ს უკვე ოჯახი ვმართავთ. მთავარი დიზაინერი დედაჩემია, ქალბატონი ია, მამა – ირაკლი ტექნიკურ დეტალებს უვლის, ის საიტი, რომელზეც ჩემს სტატიებს და ენციკლოპედიას კითხულობენ  ჩემი ძმის მიერ იმართება, ხოლო ჩათში, როდესაც მე არ ვარ, გიპასუხებთ დეიდაჩემი – ქალბატონი ლალი.
სამომავლო გეგმები…
– ამჟამად ვცხოვრობ ლოს-ანჯელესში, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტზე ვმუშაობ დიზაინისა და სამკაულის განხრით, რაც თავისთავად Kelistones-თვის და ჩემი მომხმარებლისთვის სიახლეების შემოტანას ნიშნავს!
ხანდახან მგონია, რომ ორჯერ მეტი საქმის გაკეთებას ვასწრებ, რადგანაც ჩემსა და საქართველოს შორის განსხვავება 12 საათია, დილით აქაურ საქმეებს ვუვლი, ღამით კი – მანდაურს.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები