ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების მობილიზება საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად და ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად

“ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობასა და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც ეკონომიკური პროფილის 5 გაერთიანებული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანლობს, სადაც სამთავრობო პროგრამა განიხილება და სხდომას 4 მინისტრობის კანდიდატი ესწრება.

კოვზანაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად, ასევე, ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად.

მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარებებით დაფინანსდა პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების საჭიროებები, დახმარება გაეწია ბიზნესს, ასევე, თანხის გარკვეული ნაწილი წავიდა ეროვნული ბანკის რეზერვებში.

“წელს, ინტერვენციების სახით, 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა ბაზარს, რათა ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

სერიოზული განაცხადია, ისიც რომ წელს, პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი. მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული წელი გველოდება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით  არ იქნება ადვილი წელი, მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. დღეს წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს სერიოზული მუშაობა მოუწევს ყველა მიმართულებით. დღეს მოვისმენთ რამდენად მზად არიან მინისტრობის კანდიდატები ამ კუთხით. კითხვები მექნება კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე. როგორც იცით, წინ გველოდება 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები