სლესის ციხის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროცესი დაიწყება
სლესის ციხის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან წარმართავს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობის საკონსერვაციო პროექტის მომზადებას სააგენტო 2021 წლის პირველივე თვეებში უზრუნველყოფს, რომლის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოები უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.
„საპროექტო დოკუმენტაცია 1948 წელს არქიტექტორ ვ. წილოსანის მიერ გამოხაზულ ანაზომებსა და 1977 წელს განხორციელებული რეაბილიტაციისას რესტავრატორთა ჯგუფის მიერ შესრულებულ ანგარიშებს დაეფუძნება, რომლებიც სააგენტოს არქივშია დაცული.
დიდი ალბათობით, ისტორიული ნაგებობის ჩრდილოეთ მხარის კოშკის ჩამოშლილი ფრაგმენტის რესტავრაციისა და მისი აქტიტექტურული სეგმენტების კომპლექსური რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს, რომელთანაც ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს.
სტრუქტურული სეგმენტების კონსერვაციის დაწყებამდე ციხის ტერიტორია ქვის ნაშალი და მიწაყრილი ფენებისაგან არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდება. დეგრადირებულ არეალებზე საპირე ქვები მოიხსნება და ახალი წყობებით აღდეგბა. ციხის რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, მომზადდება მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელიც დეტალურად გაითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხარაჩოების მოწყობის პრინციპებსა და სქემებს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდება კლდის ეროზირებული და გამოფიტული ქანები, რომლებიც ნალექის ზემოქმედების შედეგადაა დაშლილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
საფორტიფიკაციო ნაგებობის შიდა სივრცე და მიმდებარე არეალი ხე-მცენარეებისაგანაც გასუფთავდება, რაც არქიტექტურული ძეგლის ვიზუალურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს. გაწმენდის თანმდევად შესამუშავებელი სარებილიტაციო-საკონსერვაციო პროექტი სლესის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ტურისტულ სივრცედ ადაპტირებასაც მოიცავს. საშუალოვადიანი სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ კი სლესის ციხე სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო ტურისტულ მიმართულებად იქცევა. წინასწარი მონაცემებით, სლესის ციხის არქეოლოგიური გაწმენდის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტი 2 წელიწადს გასტანს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სლესის ციხის კოშკის სამხრეთ-დასავლეთი ფრაგმენტი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ადგილობრივად მცხოვრებ თვითმხილველთა განმარტებით, ნგრევა ქვის საპირე წყობაზე დაცემულმა მეხმა განაპირობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული მდგომარეობა სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის არქტიტექტორ-რესტავრატორის მიერ 18 დეკემბერს შეფასდა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა სამომავლო ქმედებების გეგმა და საჭიროებები.