ხელები თავისით ქმნიან… – როგორია ნამდვილზე ლამაზი ყვავილები და „სურვილების სახლებით“ მოტანილი საახალწლო განწყობა

 

ფოთში დაამთავრა სკოლა. ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა განხრით განაგრძო სწავლა. ბავშვობის ოცნება კი რამდენიმე წლის წინ აიხდინა, როცა პირველი ხელნაკეთი ნივთი დაიბადა. მუშაობს „ცივი“ ფაიფურით, საკუთარი რეცეპტით. ამბობს, რომ ამ წესით  ერთ-ერთმა პირველმა დაამზადა გულზე დასაბნევი სამკაულები – ბროშები, რომლებსაც მოჰყვა საყურეები და გუსაკიდები.
იმედი აქვს, რომ პანდემია მალე გადაივლის და პერსონალური გამოფენის გამართვას მოახერხებს, დამთვალიერებელი კი ხელოვანი ქალბატონის საინტერესო სამყაროს იხილავს. – ეკა ბერაიას პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე  ფოთში. დავამთავრე ფოთის მე-5 საშუალო სკოლა. საინტერესო ბავშვობა მქონდა. მშობლების ხელშეწყობით გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ბავშვობიდან მინდოდა ხელოვნებისადმი მიდრეკილება: მიყვარდა ხატვა, ქარგვა, ქსოვა, ძერწვა…
ამის მიუხედავად, დავამთავრე ჯერ ბიოლოგიური, შემდეგ კი – იურიდიული ფაკულტეტი. შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
– პირველი ხელნაკეთი ნივთები…

„ცივი“ ფაიფური

– ჩემი ბავშვობის ოცნება ხუთი წლის წინ ავიხდინე, როცა გამომითავისუფლდა დრო და ხელებმა თავისით დაიწყეს ნივთების შექმნა, რომლებიც ნელ-ნელა დაიხვეწა და მეტი დრო მოითხოვა.
– ფაიფურისგან ულამაზეს ყვავილებს და ხელნაკეთ ნივთებს ქმნით…
– ჩემი ძირითადადი საქმიანობა „ცივი“ ფაიფურია. „ცივ“ ფაიფურს არ სჭირდება გამოწვა და ვიზუალურად აქვს ფაიფურის ეფექტი. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ცივი“ ფაიფური. ის გამოიგონეს არგენტინაში და, ძირითადად, გამოიყენება დეკორატიული ყვავილების კომპოზიციებისა და სამკაულის დასამზადებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ორჯერ ერთნაირი კონსისტენციის მასის მიღება ძალიან რთულია.
4 წლის წინ არც კი ვიცოდი, არსებობდა თუ არა „ცივი“ ფაიფური, სანამ არ წავაწყდი ხელოვნური ყვავილების თაიგულს, რომელიც ნამდვილზე ლამაზიც კი იყო. სწორედ ეგ გახდა ჩემი „გატაცების“ დასაწყისი. მას მერე თითქმის ყოველდღე მაინც ვაკეთებ რამე ახალს და უკვე „ცივი“ ფაიფურის  მასასაც ჩემით ვამზადებ.
პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო. არაფერი  ვიცოდი ამ მიმართულების შესახებ.  მას პირველად ინტერნეტში წავაწყდი, იმ დროს ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა.
შემდგომ ინტერნეტის საშუალებით გამოვიწერე მასა, რომლითაც ყვავილები დავამზადე. არც ისე სასიამოვნო შედეგი.
ორი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე, ახალ მასას ვამზადებდი და ვტესტავდი. ასე მივაგენი ჩემს რეცეპტს, რომელიც სულ დრეკადია და ზოგჯერ ნამუშევარი რეალური ყვავილისგან მხოლოდ ფიზიკური შეხებით განირჩევა.
აქაც წინააღმდეგობას შევხვდი, თითქმის არავინ იცოდა ამ მიმართულების შესახებ. მოსწონდათ, მაგრამ ალმაცერად უყურებდნენ. „ცივი“ ფაიფური თიხა ან პლასტელინი ეგონათ. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ძალისხმევით მეტ ხალხს გაეგო „ცივი“ ფაიფურის შესახებ, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ფართო მასებს მიიზიდავდა და მსოფლიოში პირველმა გავაკეთე  ამ  მასისგან – გულზე დასაბნევი სამკაულები – ბროშები, შემდეგ საყურეები და გულსაკიდები. ეს უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, რადგან უფრო დაბალი ფასი ჰქონდა, ვიდრე ყვავილებს და დასამზადებლადაც ბევრად მარტივი იყო.
– თქვენ მიერ დამზადებულ ყვავილებს ნამდვილი ყვავილებისგან ვერც გაარჩევს თვალი…
– ყვავილების გაკეთება  ძალიან დიდ  დროსა და შრომას მოითხოვს. ერთი იასამანის ტოტს  2 კვირამდე მაინც სჭირდება. ყველა ყვავილი თუ ფოთოლი სათითაოდ კეთდება, ხოლო ბროშები 3-4 დღეში   მზადდება.
ამ შრომის შედეგი სამი წლის წინ მივიღე, მაშინ პირველად მიმიწვიეს გამოფენაზე, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნამუშევრებმა, რომლებიც სიმსუბუქით (ამავდროულად, სიმყარით) და რეალისტურობით გამოირჩეოდა.
მოახლოებულ ახალ წელს საახალწლო სათამაშოების ინტენსიური დამზადებით ხვდებით….
– საახალწლო სათამაშოებს, რა თქმა უნდა, ჩემი მასით ვაკეთებ. მინდა თითოეული სათამაშო იყოს განსხვავებული და გამორჩეული, ისეთი, რომ მყიდველი (მნახველი) მიხვდეს ჩემს ჩანაფიქრს.
რატომ? ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ ის სითბო გავუზიარო ყველას, რა  სითბოთიც ვქმნი თითოეულ მათგანს.
ახალი წლის შემდეგ მაქვს დიდი გეგმები: ვიწყებ მარტის ყვავილებისთვის მზადებას…
მოდის ახალი წელი და დიდი მოთხოვნილება იქნება.
– ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია ჩემს ფეისბუქგვერდზე, რომელსაც  ქეშელი-keshel   ჰქვია.
საახალწლოდ ვამზადებ სხვადასხვა სტილის ნამუშევრებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე უცხო და ორიგინალურ სათამაშოებს: განსხვავებულს, ვინატჟურს, მოდურს, მინიმალისტურს, ტრადიციულს…
ყველას მოსწონს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ, თავიდან ბოლომდე ფორმების სირთულის გამო. ზოგს არ სჯერა, რომ ჩემი დამზადებულია თუმცა ამას უკვე მივეჩვიე, რადგან ჩემს ყვავილებს ყველა ხელით ეხება, რომ დარწმუნდეს, ნამდვილია ისინი თუ არა.
საახალწლო სასიამოვნო განწყობას თქვენი გვერდზე ნამდვილად ქმნის. რა აღარ არის აქ – „სასაცილო სახლები“ დასურვილების სახლები“ მფრინავი მატარებელიდა გზააბნეულიდედამიწა საახალწლო სოკოები…
– მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობ და ვქმნი ხელნაკეთ, ორიგინალურ სათამაშოებს, რომლებიც ძალიან მინდა, რომ შემიფასოს მნახველმა.
ვცდილობ, ყველა მათგანი იყოს ორიგინალური, სახასიათო და ლამაზი, ისეთი, როგორიც სხვებს მოეწონებათ.
ყველა ნივთი სითბოთი და რუდუნებით მაქვს შექმნილი,  ჩემ მიერ მომზადებული მასით, რასაც ცოტა დრო ნამდვილად არ სჭირდება.
თქვენი გვერდი საინტერესოა საახალწლო ვინტაჟური სათამაშოებით…
– ძალიან მიყვარს ახალი წელი, ბავშვების ფუსფუსი, თუ როგორ ელოდებიან საჩუქრებს და სწორედ ეს იყო ინსპირაცია. ზოგადად,  ძალიან მიყვარს ფაიფურის ნაკეთობები და სწორედ  აქედან წამოვიდა მათი დამზადების იდეა.

ნამუშევრებს შთაგონებით ამზადებთ თუ არ გჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, შთაგონება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, საიდან მოდის ის. უფრო სპონატანურია, ერთი ნივთის მზადების დროს უცებ იბადება მეორე, მესამე და ასე გრძელდება. ვერ ვჩერდები..
მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან მომყვება ვარდისფერი სპილოების სიყვარული. 9 წლის რომ ვიყავი, მოვყევი ავარიაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა საჩუქრად დიდი, ფუმფულა ვარდისფერი სპილო მაჩუქა. რა თქმა უნდა, როგორც ბავშვს, სიგიჟემდე მიყვარდა ეს სპილო.
სამი წლის წინ გავიხსენე ბავშვობა და ეს სპილო გავაკეთე თავისი საკიდით, ვითომდა, მფრინავი სპილო. ის დედას ვაჩუქე, რადგან ჩემს განსაკუთრებულ ნამუშევრებს მხოლოდ მას ვჩუქნი.
ოჯახი
– ჩემთვის ახალი წელი ტრადიციული და მხიარულია. ოჯახთან – მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ვხვდები და აღვნიშნავ ახალი წელის შემობრძანებას, ვაგემოვნებთ ტკბილეულობას, რადგან, როგორც წესია, სიტკო დაგვებედოს…
ჰობი
– კითხვა და რა თქმა უნდა ხელოვნება, ანუ ჩემი საქმე, ურომლისოდაც ვერ ვიარსებებ!
რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენზეიმედია, უკეთესობა იქნება ქვეყანაში  და სამომავლოდ გამოფენებში ხელი აღარ შეგეშლებათ…
– საკმაოდ რთულია მუშაობა პანდემიის დროს. გაყიდვების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ, რაც მთავარია, მუზას არ ვუჩივი. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი თავად გადავიტანე, არ გავჩერებულვარ და ახალ-ახალ ნამუშევრებს ვქმნი.
ჩემი პირველი გამოფენა 2018 წელს „ექსპო ჯორჯიაში“, ტურიზმის მე-20 საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა, მეორე გამოფენა-გაყიდვასაც „ექსპო ჯორჯიამ“ უმასპინძლა.
ერთი წელია პერსონალურ გამოფენაზე ვფიქრობ, მაგრამ პანდემიამ მარტო ჩემი გეგმები კი არა, მთელი მსოფლიოს გეგმები შეცვალა.
სამომავლოდ…
– სამომავლოდ მინდა გავხსნა სახელოსნო, სადაც მსურველებს შევასწავლი „ცივ“ ფაიფურზე მუშაობას, და არა მარტო „ცივ“ ფაიფურზე.

 

 

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები