მალხაზ თორია: სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გავხსენით, ეს რეგიონში მეექვსე კოვიდჰოსპიტალია
“სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში ამჟამად 6 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.
,,გვაქვს კარგი ინფორმაცია, ჩვენს რეგიონში გავხსენით მეექვსე კოვიდკლინიკა, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა ,,ლაზიკამედი” სენაკში მდებარეობს და იმ პაციენტებს მოემსახურება, ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ჩვენ ახალი კოვიდკლინიკის გახსნით რეგიონში კოვიდ საწოლების რაოდენობა 360-მდე გავზარდეთ”, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებულ ვითარებაზე ესაუბრა და მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.
,,არსებული შეზღუდვების შედეგად, რეგიონში გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია, ჩვენ ახალი გამოვლინებები შემცირებული გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 90 პროცენტამდე მაინც უნდა ავიდეს, რომ დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება, რაც ეკონომიკური კრიზის დაძლევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამიტომ ყველას უნდა გვქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები”, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევაა. არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაშ რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.