გია ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა – რეალურად, არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა და მათ, რეალურად, არც რიგგარეშე არჩევნები და არც არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საბოტაჟი არის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება.
„ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და ამას არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს პარტიებს შორის ურთიერთობასთან. ეს არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ასევე, ბიუჯეტში გადამხდელთა მიმართ და დამოკიდებულება იმ შეკვეთის მიმართ, რაც საზოგადოებას გააჩნია პოლიტიკური პარტიების მიმართ. იმუშაონ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები და კანონები მიიღონ, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოაყალიბონ და პასუხი მოსთხოვონ გაწეული სამუშაოებისთვის. ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა, რომელსაც, რეალურად, არც რიგგარეშე არჩევნები და არც არანაირი არჩევნები არ აინტერესებს. რასაც საუბრობენ, ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ სწორედ ჩიხში შეიყვანონ სიტუაცია და მათი მავნებლობის ხარისხი სწორედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. ქვეყნის მიმართ სტრესი და დესტაბილიზაცია ის პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც მისდევენ ეს პოლიტიკური პარტიები და თან უნდათ, ამაში სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ“, – აცხადებს ვოლსკი.