თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამოხატავს რევაზ თავაძის გარდაცვალების გამო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უდიდეს წუხილს გამოხატავს სახელოვანი მუსიკოსის, ვირტუოზი პიანისტის, კონსერვატორიის ემერიტუსის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, რევაზ თავაძის გარდაცვალების გამო.
რევაზ თავაძემ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის სრული კურსი (1960) და ასპირანტურა (1962) დაამთავრა პროფ. ვანდა შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წელს იყო სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე, კათედრის გამგის მოადგილე.
ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და საკონცერტო მოღვაწეობას როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ის გამოდიოდა კონცერტებზე როგორც სოლო პროგრამებით, ისე – ორკესტრთან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს კამერულ ორკესტრთან. 1996-2003წწ. განმავლობაში მას ჰქონდა  გერმანიის სხვადასხვა ქალაქში წარმატებული სოლო საკონცერტები, რომლებმაც პრესის ფართო გამოხმაურება ჰპოვა.
„მის მრავალფეროვან რეპერტუარში განსაკუთებული ადგილი ეკავა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან ბევრი პირველად სწორედ მისი შესრულებით აჟღერდა. მათ შორის – ნ. მამისაშვილის 2 პრელუდია (1958 წელს პირველი შესრულება), ნ. გაბუნიას „სონატა N1“ (1969 წელს პირველი შესრულება), „სონატა N2“ (1969 წელს პირველი შესრულება), ე. სანაძე „სონატა N1“, მ. შუღლიაშვილი „ეპიტაფია” და „პასტორალი 3“ ფორტეპიანოსათვის (1978 წელს პირველი შესრულება), „ესკიზი N7“ (2012 წელს პირველი შესრულება), ბ. კვერნაძის ა. მაჭავარიანის, ს. ნასიძის ნაწარმოებები;
დააარსა საქართველოს რადიო „მუზაში“ გადაცემათა ციკლი „საუბრები პიანიზმის ისტორიაზე” (120 გადაცემა. გამოიცა 2 კომპაქტდისკი DVD-ის ფორმატში);
თბილისის კონსერვატორიაში რ. თავაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1962 წლიდან ეწეოდა; მას შემდეგ მან ბევრი ნიჭიერი პიანისტი აღზარდა, რომლებიც დღეს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას მისდევენ.
გარდა ამისა, კონსერვატორიაში ის კითხულობდა პიანიზმის ისტორიის კურსს; მისი საჯარო ლექციები და გამოსვლები ამ სფეროში განსაკუთრებული აღიარებით და პოპულარობით სარგებლობს. 1981 წელს დაიბეჭდა რევაზ თავაძის მონოგრაფია – „სანოტო ტექსტის გარჩევა-წაკითხვის შესახებ”. რევაზ თავაძე მონაწილეობდა სხვადასხვა ეროვნული კონკურსის მუშაობაში.
როგორც პედაგოგი მართლაც გამორჩეული იყო. მისი თითოეული გაკვეთილი სტუდენტისთვის იყო ტექნიკური და ფაქტურული პლასტების განხილვის, მუსიკის ფილოსოფიის, პიანიზმისა და ხელოვნების ისტორიის, სამყაროს შეცნობისა და კიდევ ბევრი კომპონენტის ერთობლიობასთან ზიარება.
რევაზ თავაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მუსიკალური და სრულიად ქართული საზოგადოებისთვის“, – აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები