საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, პირველი სხდომა გამართა, რომელსაც ახლად არჩეული თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, პირველი სხდომა გამართა, რომელსაც ახლადარჩეული თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს პარლამენტის წევრებად არჩევა მიულოცა და საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩვენი პროგრამული დაპირებების შესასრულებლად, რაც გულისხმობს 2024 წლისთვის საქართველოს ევროპულ ქვეყნად ქცევას და შესაბამისად, განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე – ამ კომიტეტის საქმიანობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევნები გაიმართა. კომიტეტის თავჯდომარის წარდგინებით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ხელაშვილი დასახელდა. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მისი ბიოგრაფია გააცნო, რის შემდგომაც, წარმოდგენილ კანდიდატურას კოლეგებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

გიორგი ხელაშვილის სიტყვით გამოსვლა ეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა.

„2020 წელმა დიდი განსაცდელი მოგვიტანა მსოფლიო პანდემიის სახით. ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურმა კრიზისმა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია და რომლებიც ჩვენი ხალხისა და მთავრობისაგან უპრეცედენტო გამძლეობას და ქვეყნის ერთგულებას მოითხოვს. ბოლო თვეებში რადიკალური ჯგუფების მიერ, საქართველოში ხელოვნურად შექმნილმა დაძაბულობამ, ჩვენს საზოგადოებაში დამატებითი მღელვარება, უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ჩვენს ხალხთან ერთად უნდა გადავლახოთ. ასევე, რუსეთის აგრესიულმა რეგიონულმა პოლიტიკამ, ოკუპაციამ და მცოცავმა აგრესიამ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული საფრთხეები კიდევ უფრო დაამძიმა ხოლო, რეგიონულ უსაფრთხოებას ახალი გამოწვევები შეუქმნა. ამ უარყოფითი ტენდენციების ფონზე, გაჩნდა იმედის სხივიც. მოლოდინი გვაქვს რომ მომავალი წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა გაუმჯობესდება და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ ენერგიას შემატებს საქართველო სვლას ნატოსა და ევროკავშირისაკენ”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ამ რთული გამოწვევების გამკლავება კვლავაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ანდო, რომელმაც შეძლო რეალისტური, მაგრამ პრინციპული პოლიტიკის წყალობით, ბოლო წლებში დაეცვა საქართველოს მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. მან პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა – ნუ გადგებიან გვერდზე, როდესაც ქვეყანას მათი ხმა სჭირდება, უარი თქვან ანტიამერიკულ და ანტიევროპულ პოლიტიკაზე და მმართველ გუნდთან ერთად შეიტანონ წვლილი საქართველოს გაძლიერებაში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მხარი ასევე დაუჭირეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ, მარიამ ლაშხის კანდიდატურას.

„მინდა მოსახლეობის წინაშე გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას არ დავიშურებ ქვეყნის წარმატებისთვის. დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და სწორი პოლიტიკის განსაზღვრა, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებისთვის. საპარლამენტო მანდატი მომცემს საშუალებას, რომ წვლილი შევიტანო ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის პროცესში, უცხოური ინვესტიციების მოძიების მიმართულებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, და მათი პოპულარიზებით ქვეყნის გარეთ, რაც ნიშნავს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე წვლილს შევიტან ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მისვლის პროცესში, რაც შეესაბამება ერთიან, დემოკრატიულ ქვეყანას”, – განაცხადა თავმჯდომარის ახლადარჩეულმა მოადგილემ.

„პარლამენტის ახალი მოწვევის შემადგენლობაში, ძალიან ბევრი ადამიანია წარმოდგენილი, რომელიც ამავდროულად, აკადემიურ თანამდებობას იკავებს, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს პარლამენტის საქმიანობას, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება მაღალი აკადემიური დონე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას ასევე, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის წევრებმა ასევე, დაამტკიცეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულება, რომლითაც მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომიტეტის უპირველესი ამოცანა იქნება საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის დაინიცირება, რომელიც 16 დეკემბერს მოხდება. „დღეს ვიმუშავებთ ერთად, რომ პირველადი ვერსიის შემუშავება და ინიცირება მოხდეს. გეგმა არის, რომ ახალ წლამდე ამ რეზოლუციის დამტკიცება მოესწროს. პარლამენტი არის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე შევქმნით ამ დოკუმენტს და მალე ეცოდინებათ პარტნიორებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ, რა არის მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა – მით უკეთესი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით თებერვლამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. ნიკოლოზ სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციის წარმომადგენლები მალე შეუერთდებიან და ამ დოკუმენტების შემუშავებაში ისინიც აქტიურ როლს შეასრულებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები