გია გრძელიძე: პრემიერთან შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება შევძელით, დარწმუნებული ვარ, ყველა სპეციალისტი იტყვის, რომ შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს
“მინდა, გავიხსენო თავდაპირველი შეხვედრა პრემიერთან და ვთქვა, რომ პრობლემები, რომლებიც მაშინ კლინიკების მხრიდან იყო წამოჭრილი, თითქმის აღარ არსებობს”, – ამის შესახებ ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა, გია გრძელიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანლების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ყოველი მომდევნო შეხვედრის შემდეგ დასმული საკითხები ოპერატიულად წყდება და ამ ტიპის შეხვედრებმა დაწესებულ შეზღუდვებთან ერთობლიობაში შედეგი გამოიღო.
„შედეგი არის ის, რომ კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება ოპერატიულად შევძელით და ეს ნამდვილად არის ამ შეხვედრების დამსახურებაც. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, დარწმუნებული ვარ, ყველა სპეციალისტი იმას იტყვის, რომ ეს შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს. საბოლოო გადაწყვეტილებას, რით შეიძლება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, პრემიერმინისტრი და მთავრობა სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი გზით მივდივართ და ეს სწორი გზა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა გია გრძელიძემ.