გოგა ხაინდრავა: ვართ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, ქართული პოლიტიკური სივრციდან ქაჯები მიდიან
“ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.
„საქართველოში ძალიან სერიოზული ეტაპი დამთავრდა, ერთი დიდი, 30-წლიანი ციკლი. ჩვენ ვართ იმ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, რაც ჰქვია იმას, რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათი ყოფნა თავისთავად განაპირობებდა ამ ორგანიზმის ავადმყოფობას. მათ თუ არ გავშორდებოდით, ძალიან ძნელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ორგანიზმის გაჯანსაღება. მიდიან კოლექტიურად, პიროვნულად, რამდენადაც ვიცით, ცესკო-ში 5 პარტიის სიები ჩაიხსნა. მათმა ბელადმა, ნათელაშვილმა განცხადება დაწერა, იმედია – მისი მიმდევრები, თანამებროძოლები ამ გზას აირჩევენ და საქართველოს პარლამენტი გაიწმინდება ამ ქაჯებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათ უკან გაჰყვებიან ქაჯანები არასამთავრობო სივრციდან. იმედია, რომ უკან გაჰყვებიან ქაჯუნები საინფორმაციო და მედიასივრციდან. ეს ბუნებრივი პროცესია. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ, ერთმანეთით სულდგმულობენ. ამიტომ, იქ – სადაც აღარ იქნებიან ქაჯები, აღარც ქაჯუნები იქნებიან, არც – ქაჯანები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამარცხვინო ბაკქანალიაა.
„ჩვენ უკანასკნელი კვირების, თვეების მანძილზე სამარცხვინო ბაკქანალიას ვხედავთ, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ძალიან ვნებს ყველა ჩვენგანს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს.
სამარცხვინოა ის, რაც ჩერგოლეიშვილმა დაწერა თავის სტატუსში გერმანიის ელჩზე, სადაც გაზის კამერები ახსენა. ის ახსენებს იმ ქვეყნის ელჩს, რომელმაც 1990 წლიდან გადაარჩინა შიმშილს ეს ქვეყანა, თუ ვინმე უდგას საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდით, როგორც უთანასწრო ბრძოლაში იმ მთავრ ქაჯებთან, რომლებიც მოსკოვში არიან და მართავენ ამ ქაჯებს, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, არის გერმანია. გერმანიის შეურაცხყოფა საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფაა. ის, რაც ჩერგოლეიშვილმა დაწერა, სამარცხვნოა. მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობთ, მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ბნელები მართავდნენ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ „ევროპული საქართველო“ ჰქვიათ. ამ სახელწოდებით იცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე. ყველამ არ იცის ქართული, რომ ბოლომდე გაიგონ, რა ბნელებთან გვაქვს საქმე. მისი ქმარი ისეთივე ბნელია, როგორიც – თვითონ, იყო ამ ქვეყნის იდეოლოგი და დღემდე ქაჯების ოპოზიციის ერთერთი ბელადია. აღარაფერს ვლაპარაკობ მედიამაჯლაჯუნებზე. არ ვიცი, როგორ იტანს ამას ქართული საზოგადოება. როცა საზოგადოება კარგავს ინსტიქტებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების ეს ნაწილი კვდება იმიტომ, რომ გონება განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. ცხოველსაც და ადამიანსაც ინსიტიქტები აქვთ. ეს გვშველის, როცა მანქანა სწრაფად მოდის და გვერდზე გავდივართ, ცეცხლში ხელს არ ვყოფთ და ა.შ. ზუსტად იგივე ინსტიქტები აქვთ ცხოველებსაც. მაგრამ როცა ადამიანი კარგავს თვითგადარჩენის ინსტიქტს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მდგომარეობა ძალიან სავალალოა. ჩვენ მომსწრენი ვიყავით იმისა, თუ როგორ კარგავს ქართული საზოგადოების ნაწილი ელემენტარულ, სიცოცხლის, გადარჩენის ინსტიქტს, როცა ვუყურებდით ამ ბნელ თავყრილობებს, რომელმაც გააჩინა ის კატასტროფა, რომლის მოწმენი ვართ ყველა, რასაც ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები ეწირებიან. დღეში 40-50 ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ეს ბნელები ბოგინობენ ამ ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, ამას ბოლო მოეღო. მე მინდა, მჯეროდეს, რომ ისინი გაქრებიან პოლიტიკური ასპარაზიდან. ეს ნებაყოფლობით ხდება. მადლობა ღმერთს, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, სახელისუფლებო პარტიას აღმოაჩნდა იმდენი გამბედაობა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს ქაჯები გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. იმედია, თავის სიტყვას, რომელიც მისცეს ქართულ საზოგადოებას, შეასრულებენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.