გიგა ბოკერია: მთლიანად ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს – პარალელურად, გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზაობა არის.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად, სხვადასხვა ფორმით სამოქალაქო პროტესტიც გაგრძელდება.
“მთლიანად ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მოლაპარაკებები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, პარალელურად, გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი სხვადასხვა ფორმით. ჩვენი ამოცანაა, შიდა და გარე ზეწოლის შედეგად დროზე მოეგოს გონს ივანიშვილის რეჟიმი, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, რაც დღესაა და ქართული საზოგადოებისთვის იმის დაძალება, რომ უარი თქვას არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმურ მეთოდზე, ვერ მოხდება. როგორც კი მიხვდება, რომ ეს სცენარი მისთვის პერსონალურად საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ გვექნება კარგი შანსი, ამ კრიზისიდან ნაკლები ზიანით გამოსვლის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.