გიორგი ვაშაძე: მოვუწოდებ ყველას, ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩიხში შეიყვანს მოლაპარაკების პროცესს
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ყველა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადაა.
ვაშაძემ მოუწოდა როგორც მმართველი გუნდის, ისე – ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს ჩიხში შეიყვანს.
“ველოდებით შემდგომ შეხვედრას. გვექნება კომუნიკაცია ინდივიდურადაც დიპლომატიურ კორპუსთან. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ყველას მოვუწოდებ, ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც უფრო შეიყვანს ჩიხში ამ პროცესს. მოვუწოდებ როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე, თითოეულ ოპოზიციის მხარეს. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარაკებისთვის. მე ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ მომისმენია. წინაპირობების დაყენება “ქართული ოცნების” მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებით და ა.შ, ვფიქრობ, ხელს უშლის ამ პროცესს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.