ჭიათურის თეატრი 126 წლისაა

ჭიათურის თეატრი 126 წლისაა, თეატრი 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა. თეატრის იუბილესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიცილაპიტეტის მერია აქვეყნებს ინფორმაციას.
„კვირას, 11 დეკემბერს, ხუროთმოძღვრის გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით გამართეს აქ წარმოდგენა ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ. წარმოდგენილი იყო „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ და „მონადირე“. წარმოდგენას ხალხი ბლომად დაესწრო. მოთამაშეთა შორის უმთავრესი ყურადღება თავისი მოხდენილი თამაშით მიიქცია ქალბატონმა არდიშვილმა”, – წერდა   გაზეთი „ივერია” 1894 წლის 16 დეკემბერს.
ამ დღის შემდეგ, ჭიათურაში, საქველმოქმედო წარმოდგენით დაწყებული, თეატრალური ცხოვრება აღარ შეწყვეტილა …
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მერიის სახელით,126 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს ერთ–ერთ გამორჩეულ თეატრს, რომელსაც საუკუნეზე მეტია ღირსეული წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო თეატრს და მის ერთგულ მაყურებელს 126 წლის იუბილეს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემის გამო, წლევანდელი სეზონი უჩვეულო გახლდათ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო თეატრებისთვის, ჭიათურის თეატრმა შეძლო, არ შეეჩერებინა შემოქმედებითი პროცესი და რეგულაციების სრული დაცვით, თეატრის ეზოში, ღია სივრცეში მოაწყო სცენა და იზრუნა მაყურებელზე.
იმედია, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თეატრი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, საუკუნოვან ტრადიციას კვლავაც ღირსეულად გააგრძელებს და კიდევ მრავალ იუბილეს და შემოქმედებით წარმატებას ვიზეიმებთ ერთად“! – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თეატრს 1910 წლიდან მუდმივმოქმედი დასი ჰყავს.
ჭიათურის თეატრის სათავეებთან იდგნენ ისეთი გამოჩენილი რეჟისორები, როგორებიც არიან : ალექსანდრე წუწუნავა, ვალერიან შალიკაშვილი, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე იმედაშვილი.
მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები თეატრის „ოქროს ხანად” მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა, პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით, ბევრი ღირსშესანიშნავი სპექტაკლი დადგა, მათ შორის, შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას, დავით კლდიაშვილის, პოლიკარტე კაკაბაძის და სხვათა პიესები.
126 წლის განმავლობაში თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი წარმატებით დაიდგა. სწორედ ჭიათურის თეატრის „ყვარყვარე თუთაბერი“ მიიჩნევა ქართული თეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განმახორციელებლად, მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე კი ამ სცენური სახის საუკეთესო შემსრულებლად.
1949 წელს თეატრმა ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას დიდი ქართველი მწერლის აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა.
თეატრში მოღვაწეობდნენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები: გრიგოლ ტყაბლაძე, მიხეილ ვაშაძე,თამარ აბაშიძე, ალექსანდრე წუწუნავა, ნოდარ ჩაჩანიძე, გივი მოდებაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები