ზაზა ფირალიშვილი: განმეორებითი არჩევნები შეუძლებელია პოპულარული იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ

11 დეკემბერს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია ისევ უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ცნობილი გახდა, რომ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით დაგეგმილი მოლაპარაკების მე-5 რაუნდიც, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

როგორი კონფიგურაციის იქნება პარლამენტი და როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

-ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრაც ჩაიშალა. რა მოლოდინები გაქვთ?

როგორც ვხვდები, ოპოზიციაში არის ისეთი ნაწილი, რომელსაც უნდა პარლამენტში შესვლა. მათი აზრით, ბოიკოტი და უარი საპარლამენტო მანდატებზე არის უნაყოფო ბრძოლა, რომელსაც შედეგი არ ექნება. არის ისეთი ძალებიც, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა იმის გამო, რომ მათი ერთადერთი შანსი რევოლუციაა. ბრძოლის სხვა ხერხი და მეთოდი, რევულუციის გარდა, მათ უბრალოდ არ აწყობთ. ალეკო ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში შესვლას უჭერს მხარს. მისი მოტივაცია მესმის და სულაც არ მინდა, მას რაიმე ისეთში დავდო ბრალი, რაზეც ოპოზიციის ერთი ნაწილი მიანიშნებს, მოსყიდვას ვგულისხმობ. საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, რაზეც ელისაშვილი საუბრობს, მართლაც დიდი მიღწევა იქნება. განმეორებითი არჩევნები, რასაც ოპოზიცია ითხოვს, შეუძლებელია, პოპულარული იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც და ეს ჩანს კიდეც. არც წინასაარჩევნო გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები არ მიუთითებდა ახალი არჩევნების აუცილებლობაზე.

-გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი კობახიძის მეშვეობით მთელი რიგი პირობები წამოაყენა. პარტიებს, რომლებიც არ შევლენ პარლამენტში, დაფინანსება არ ექნებათ და შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების სამართლიანობას დაადგენს. მოკლედ, “ოცნება” მზადაა, თუ მათ სასარგებლოდ 1 %-იანი ცდომილება მაინც იქნება განმეორებითი არჩევნები დანიშნოს. ამ განცხადებას რა შეფასებას მისცემთ?

როდესაც უარს ამბობ მანდატებზე, ბუნებრივია, დაფინანსებაც უნდა შეგიწყდეს. რაც შეეხება საგამოძიები კომისიას. მთავარია, ვინ შევა ამ საგამოძიებო კომისიაში, ექნება თუ არა საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ნდობა ამ კომისიას. გუშინ ცოტა უცნაური განცხადებაც გაკეთდა, ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობისათვის” რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას. არ მგონია, ეს განცხადება მართებული და არსებული სიტუაციის ადეკვატური იყოს.

-რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა, რა მიზანი ამოძრავებს?

საზოგადოების ტურადღების ცენტრში ყოფნა, მეტი არაფერი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ როცა არჩევნებზე პერმანენტულად ცუდ შედეგებს აჩვენებ, გააანალიზო, რატომ ხდება ეს და მინიმუმ ლიდერშიპი მაინც შეცვალო ან რომელიმე იდოლოგიურად თანხვედრაში მყოფ სხვა მსხვილ მოთამაშეს შეუერთდე. ჩვენი პოლიტიკური პარტიები, რეალურად, საფეოდალოებია თავისი ფეოდალებით. მოკლედ, სახეზეა პოლიტიკური კულტურის დეფიციტი.

-ბოლო დროს ოპოზიციის მხრიდან გახშირდა შუამავალი ელჩების კრიტიკა, ეს რაზე მიანიშნებს?

ისინი აკრიტიკებენ მათ არა პოლიტიკური ორიენტაციის გამო, არამედ იმ ტაქტიკის გამო, რასაც ადგანან და ეს მესმის. გარკვეულწილად, გასაგებიც არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნებამ” ამოწურა თავისი რესურსები და დროა, შეიცვალოს ახალი ძალით, რომელიც განსხვავებულ მიდგომებს შემოიტანს არსებულ პოლიტიკურ რეალობაში. მაგრამ ის მეთოდები და ხერხები, რასაც ოპოზიცია მიმართავს, მიუღებელია და ეს მიუღებელია იმ ელჩებისთვის და მათთვისაც, ვისაც ეს ელჩები წარმოადგენენ. ეს არ უნდათ გაიგონ ოპოზიციაში. მათი ასეთი მცდელობები განწირულია მარცხისთვის, არაფერი გამოუვათ. დასავლეთმა ეს კარგად იცის, მათ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. ერთია, რის დეკლარილებას ახდენ და მეორეა, რას აკეთებ და შეგიძლია თუ არა ამის გაკეთება. როცა ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია გინდა, გადაზარდო რევოლუციაში, ნიშნავს, რომ პოლიტიკურად უმწიფარი ხარ და ეს თქვა კიდეც დასავლეთმა. იქნებ, ყურადღება მიაქციონ დასავლეთის ამ განცხადებებს და გაიგონ, რას გულისხმობენ ისინი. გულისხმობენ სწორედ მათ უმწიფრობას. მაშინ, როდესაც 200 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი დაბრუნდა და რუსეთმაც პოზიციები გაიმყარა, ამ დროს შენ ქვეყანა არ დაახვედრო დასავლეთს სტაბილური და დაახვედრო პერმანენტული რევოლუციური სიტუაცია და ცივი სამოქალაქო ომის მდგომარეობა, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა დასავლეთი.

-„შენ არ გინდა დასავლეთი: აქ ორივე მხარეს გულისხმობთ?

ეს ერთგვარი ფუგურალური ნათქვამია. ეს ცნობიერი არ მინდა, არ არის. დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანს უნდა, მაგრამ რას აკეთებენ ამისთვის. მინდა რაღაც, მაგრამ რას და როგორ ვაკეთებ? აი, მაგალითად, კობახიძის განცხადებები, როცა ,,ნაციონალების,, რეგისტრაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობდა, იყო დასავლული პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით შემაძრწუნებელი. ან ის რა იყო, როცა სასამართლოებმა გარკვეული, ოპოზიციასთან დაკავშირებული საქმეები გაააქტიურეს და მერე ისევ უკან წაიღეს. დაახლოებით, იგივე შეიძლება, ითქვას ოპოზიციის ქმედებებზეც. სწორედ ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ დასავლეთი შენი პოლიტიკური კულტურით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები