ნანა კაკაბაძე: პოლიტიკიდან ხალხის გაყრილი ძალები ხალხის სახელით გველაპარაკებიან

მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდის წინ, ,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

-მე-10 მოწვევის პარლამენტის 1-ელი სხდომა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სპეციალური განკარგულებით,11 ნოემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამ დროისთვის, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმება?

-გარდაუვლად დათანმდება, რადგან კარგად იციან, როგორ გამარგინალდებიან, თუ ქუჩაში დარჩებიან. ხვდებიან, რომ ქუჩაში ხალხის გამომყვანი ისინი არ არიან. ახლანდელი ოპოზიცია ჩვენი დროის ოპოზიციისგან ძალიან განსხვავდება, მაშინ ერთი მილიონი ადამიანი იდგა ქუჩაში.

-ამ დრომდე გასაიდუმლოებულია ის საკითხები, რასაც ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლებისგან…

-საიდუმლოა იმიტომ, რომ სამარცხვინოა მოთხოვნები, რომლებიც უცხოელი ელჩების თანდასწრებით ამ შეხვედრებზე ჟღერდება. პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს, ხალხის სახელით აკეთებენ განცხადებებს: ხალხმა ესა და ეს დაგვავალაო. რაც მათ ამომრჩეველმა დაავალა, გამოჩნდა 31 ოქტომბრის არჩევნებში. რა რეფერენდუმს ითხოვენ? სახელმწიფომ უამრავი ფული დამატებით იმაში უნდა გადაიხადოს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი სკამი მიიღონ? რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს კიდევ, რომ დარწმუნდნენ – მეტ სკამს ვერაფრით მიიღებენ? არსებობს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ჯერ პარლამენტში არ ყოფილა და იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვდეს, პარლამენტში შეღწევა სურს. ყველაზე სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ პოლიტიკიდან ხალხის გაყრილი ძალები დღეს ხალხის სახელით გველაპარაკებიან.

– ბარიერგადალახულ პარტიათა ნაწილს შესაძლოა, დღეს პარლამენტში შესვლა სურდეს, მაგრამ შიშობს, რომ ერთიანი ოპოზიციის თვალში მოღალატე გამოჩნდება?

-ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა და ,,ერიდება“, ის არ არის პარლამენტში შესვლის ღირსი. ვისმენ განცხადებებს, რომ 11 დეკემბერს ერთპარტიული ,,კომუნისტური“ პარლამენტი შეიკრიბება სხდომათა დარბაზში. რატომ იქნება პარლამენტი ერთპარტიული? 9 პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში და 9 პარტიას აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს კანონშემოქმედებითი მუშაობა. საბჭოთა კავშირის დროს ამის შესაძლებლობა არ არსებობდა და ამიტომ იყო ის რეჟიმი დასანგრევი. თუ შენ საპარლამენტო მანდატი მოიპოვე, მაგრამ ვერ კმაყოფილდები, მეტი და მეტი გინდა, ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმში ცხოვრობ? გემახსოვრებათ, ალბათ, არც მე-9 მოწვევის პარლამენტში იკლავდა ,,ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში ყოფნით თავს, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ამ ადამიანებს ბოიკოტიც უნდათ, იმუნიტეტიც, ხელფასებიც და სხვა ყველა სადეპუტატო პრივილეგიაც? მაშინ რატომ არ ამბობდნენ უარს ხელფასებზე? ამიტომ მიმაჩნია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული, ქვეყნის განადგურებაზე ორიენტირებული ძალა. ,,ქართული ოცნების“ ბრალია, რომ დღეს ამდენს ლაპარაკობენ ბოკერია და უგულავა, ასეთ ადამიანებს რა უნდათ პარლამენტში?

-,,ევროპულ საქართველოსაც“ ჰყავს 4%-იანი ამომრჩეველი…

-იმ ამომრჩეველს, რომელიც დღეს უგულავასთან ერთად მაკო გომურის თვალის დაკარგვაში გახარიას ადანაშაულებს – აიღე პასუხისმგებლობა პოლიციის არასწორ ქმედებაზეო, ეტყობა, დაავიწყდა სააკაშვილ-უგულავას ახირების გამო როგორ ჩახოცეს უამრავი ადამიანი 2008 წელს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის, ტალიავინმა დაწერა, რომ ეს ომი იყო სააკაშვილის აღიარება და სამხედრო ავანტურაო. აიღო ვინმემ პასუხისმგებლობა ათასეულობით ადამიანის სიცოცხლეზე? ახლა გამოდიან და ამბობენ, შეცდომები გვქონდაო და ამას ამბობს სისხლის სამართლის დანაშაულებებში მხილებული პარტია! შესაძლოა, ,,ქართული ოცნების“ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ დესტუქციულ, დამნაშავე ძალასა და ,,ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი უკვე გააკეთა ქართველმა ხალხმა და ამ არჩევანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები