“სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება მესამე რაუნდს, შეხვედრები მიმდინარეობს. დაველოდოთ, როგორ წარიმართება, თუ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, გაირკვევა მომდევნო დღეების განმავლობაში.კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მგონი, ყველას აქვს შეთანხმება აღებული, რომ ეს შეთანხმება, ვიდრე ბოლომდე არ იქნება მიღწეული და არ იქნება ხელმოწერილი, დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არიან არასანდოები, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისთვის.რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირება მიდის, ჯერ ერთი ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს იმის, რომ ვიღაცა გაათავისუფლოს და გამოუშვას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა ასეთია: 1. უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს; 2. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ან პრემიერ-მინისტრის მიერ პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ; 3. ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით; 4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.