რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილს სჩვევია დასწრებაზე თამაში, ანუ იმის სხვისთვის დაბრალება, რისი ჩამდენიც თვითონ არის

“სააკაშვილს სჩვევია დასწრებაზე თამაში, ანუ იმის სხვისთვის დაბრალება, რისი ჩამდენიც თვითონ არის”, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მედასავლეთეები არიან, როცა სჭირდებათ, მაგრამ თუკი პარტნიორმა ქვეყნებმა მათთვის საჭირო ნაბიჯი არ გადადგეს, პირველები თვითონ ესვრიან ქვას.

,,სააკაშვილს სჩვევია დასწრებაზე თამაში, ანუ იმის სხვისთვის დაბრალება, რისი ჩამდენიც თვითონ არის. მაქვს ეჭვი, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ რუსულ თამაშს თამაშობს, თუმცა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ბევრი რამ მაეჭვებდა.

მხოლოდ აგრესიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინება არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური კურსის მაჩვენებელი, ეს შეიძლება, შირმაც ყოფილიყო. ჩემთვის 2008 წლის ომი არის ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ დაასხა რუსეთის ინტერესებზე წყალი “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხომ გახსოვთ, ის ტერიტორიები, რომლებიც მანამდე რუსეთისა და ადგილობრივი სეპარატისტების გავლენის ქვეშ არ იყო, ჯერ მიაწერა აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთს, შემდეგ კი, ამ ხუთდღიანი ომის შემდეგ, მათ გადასცა… ეს რით შეიძლება, აიხსნას? ამაზე პასუხი დღემდე ვერ მოვისმინე…

სააკაშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, რუსეთის გავლენით ბევრ რამეს აკეთებდნენ. ვგულისხმობ ცხონებულ კახა ბენდუქიძესა და გრიგოლ ვაშაძეს. მათ ემატება სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია, რომლიც თავის დროზეც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში და ახლაც აქტიურად ცდილობს წყლის ამღვრევას. ეს ადამიანი ვის ინტერესებს იცავს, ყველას კარგად მოეხსენება…

მე პირდაპირი ბრალდების წაყენების უფლება არ მაქვს, მაგრამ ეჭვისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიზეზია.

სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მედასავლეთეები არიან, როცა სჭირდებათ, მაგრამ თუკი პარტნიორმა ქვეყნებმა მათთვის საჭირო ნაბიჯი არ გადადგეს, პირველები თვითონ ესვრიან ქვას. ამ ძალის პროდასავლურობა მე ძალიან მაეჭვებს. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გაარკვიოს ქართველმა საზოგადოებამ, თორემ კიდევ ბევრი შეცდომა შეიძლება, დავუშვათ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას შიდა პოლიტიკურ ბრძოლას კი ვარქმევთ, მაგრამ იქნებ არც არის ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლა და საქართველო დღესაც საგარეო, დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლის არენა?”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ პანდემიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული როლი და არცთუ მცირე იმ დიდმა ღონისძიებებმაც ითამაშა, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმართებოდა.

,,ვფიქრობ, ისევე, როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, არც ჩვენ ველოდოთ ამას და ვერც სათანადოდ მოვემზადეთ. მიზეზებს უფრო თუ ჩავუღრმავდებით, ერთ-ერთი მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ შიდა ტურიზმს მეტისმეტად დიდი თავისუფლება მივეცით, თანაც, პრაქტიკულად, დამცავი რეგულაციების გარეშე.

ზაფხულშიც ისეთივე სიმკაცრე რომ ყოფილიყო, როგორიც იყო დასაწყისში – ვგულისხმობ რეგულაციების დაცვას და არა – ე.წ. ლოქდაუნს, შეიძლება, დღეს უკეთესი ვითარება გვქონოდა.

ვიცით, რაც მოხდა აჭარაში და შემდგომ სწორედ აჭარა გახდა კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების წყარო. იქნებ უპრიანი ყოფილიყო იმ ეტაპზე აჭარისა და საკურორტო ზონების დროებით ჩაკეტვა…

გარკვეული როლი და არცთუ მცირე იმ დიდმა ღონისძიებებმაც ითამაშა, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმართებოდა. ვფიქრობ, ეს ხალხმრავალი თავყრილობები უნდა ყოფილიყო მკაცრ რეგულაციებში მოქცეული, ისე, რომ პოლიტიკურ და სიტყვის თავისუფლებას ავადმყოფობის თავისუფლება არ მოჰყოლოდა. ჩემი აზრით, აქ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგა”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები