ლადო პაპავა: პანდემიამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, მაგრამ ამასთანავე შექმნა ახალი გამოწვევებიც, თუ მათ ვერ ავუწყობთ ფეხს, წელში ვერასდროს გავიმართებით
“ქვეყანაში სპეციფიკური ეკონომიკური კრიზისია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მედიცინაში შექმნილი პრობლემით. შესაბამისად, სანამ მედიკოსები ვაქცინასა და მკურნალობის ეფექტიან საშუალებას არ შეიმუშავებენ, ეკონომიკური კრიზისი ვერ დასრულდება”, – ამის შესახებ პროფესორმა, ლადო პაპავამ გაზეთ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ლადო პაპავა საუბრობს, როგორ შეიძლება, მცირედით მაინც შევაჩეროთ კრიზისის მასშტაბი და ხალხის გაღარიბება ეფექტიანი მკურნალობის მეთოდების შემუშავებამდე.
,,ხშირად სვამენ კითხვებს, შესაძლებელი იყო თუ არა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. კრიზისი იმიტომ არის კრიზისი, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო იწყება და შეუძლებელია მისი წინასწარ გათვლა. მით უფრო შეუძლებელია კრიზისის არიდების მექანიზმების წინასწარ შემუშავება. თუ ვინმეს რაიმე წინასწარ უნდა განესაზღვრა, მედიკოსებს, კერძოდ, ვირუსოლოგებსა და ეპიდემიოლოგებს. სამწუხაროდ, მათ ასეთი პროგნოზი არ გაუკეთებიათ.
ჩვენი ეკონომიკა ეპიდემიის დაწყებამდეც სუსტი იყო, ძალიან ბევრი სექტორი საერთოდ განუვითარებელი გვქონდა.
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემაა ჩავარდნა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში, ანუ მატერიალურ წარმოებაში. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ბოლო წლებში აქცენტი კეთდებოდა მომსახურების სექტორზე, მაგალითად, ტურიზმსა და საფინანსო სექტორზე. შესაბამისად, გავხდით ქვეყანა, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ტურისტების შემოსვლა-არშემოსვლაზე.
სხვათა შორის, ტურისტების ნაკლებობას მხოლოდ პანდემია და მსგავსი პრობლემები არ განაპირობებს, პოლიტიკაც ანგარიშგასაწევია. შეგახსენებთ – 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა და რუსი ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა დაიხურა. ასეთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა რომ არ დაგვაზარალოს და ოდნავ მაინც მყარად დავდგეთ ფეხზე, საჭიროა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის… ამ დარგების გარეშე ქვეყანა წელში ვერასდროს გაიმართება.
სანამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გრძელვადიანი ამოცანებით არ დაინტერესდებით, ქვეყანა სულ მაჩანჩალა იქნება.
როგორ გირჩევნიათ, სწრაფად მსხმოიარე თუ ხეჭეჭურის გემრიელი მსხალი, რომელიც ნაყოფს მხოლოდ 12-15 წლის შემდგომ იძლევა? მე გეუბნებით, ქვეყანა ვერ განვითარდება “ხეჭეჭურის ეფექტის” მქონე ეკონომიკური მოდელის გარეშე.
შეცდომაა იმის თქმა, რომ ახლა რთული ვითარებაა და ამის დრო არ არის. დღეს თუ არ დავიწყეთ საქმე, ხვალ გვიანი იქნება. თუ დღეს დავიწყებთ, შედეგს 10-15 წლის შემდეგ მივიღებთ. თუ გაისად დავიწყებთ, შედეგი 11-16 წლის შემდგომ იქნება და ა.შ.
როგორც წესი, პოლიტიკოსებს გრძელვადიანი პროექტები დიდად არ აინტერესებთ, რადგან მათი პოლიტიკური ცხოვრება ოთხწლიანი საარჩევნო პერიოდით შემოიფარგლება, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა კი ოთხ წელში შედეგს ვერ მოგცემს. ამიტომაც ვიქნებით სულ ასეთ მაჩანჩალა მდგომარეობაში, თუ პერსპექტივაზე გათვლილ აზროვნებასა და ქმედებას არ დავიწყებთ”, – განაცხადა ლადო პაპავამ.
პროფესორის თქმით, ახლა, როცა სტუდენტებს, კრიზისის გამო, სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ, სახელმწიფომ მათ დაფინანსებაზე უნდა იფიქროს.
,,სწორედაც ახლა, თუნდაც პანდემიის პერიოდში, უნდა დავიწყოთ ფიქრი ბიუჯეტიდან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებაზე. სწორედ კრიზისის გამო გრანტის არმქონე სტუდენტებს უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა. ადეკვატური საბიუჯეტო დაფინანსება უნდა მიეცეთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით უნდა გაეზარდოს დაფინანსება სამეცნიერო ნაწილს. თუ მეცნიერების განვითარებაზე არ ვიფიქრეთ, მალე მასწავლებლის გამზრდელი კვალიფიციური მასწავლებელი (ანუ პროფესორი) აღარ გვეყოლება.
ბევრი ცნობილი ეკონომისტის აზრით, მართალია, პანდემიამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, მაგრამ ამასთანავე შექმნა ახალი გამოწვევებიც. თუ მათ ვერ ავუწყობთ ფეხს და ახალ შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ, წელში ვერასდროს გავიმართებით,”- განაცხადა ლადო პაპავამ.
პროფესორმა პროგრამაზე ,,აწარმოე საქართველოში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო პროგრამაა და უმიზნოდ არ უნდა გაიფლანგოს.
,,ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, მაგრამ ასევე ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ეს პროექტი ფულს გასცემს რესტორნებსა და სასტუმროებზეც. პროექტს ჰქვია “აწარმოე საქართველოში” და არა, “დაასვენე ან დრო ატარებინე საქართველოში”. ისედაც მწირი რესურსი უმიზნოდ არ უნდა გაიფლანგოს,”- განაცხადა ლადო პაპავამ.