რამაზ საყვარელიძე: ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პარლამენტის დროულად ამოქმედებას და არა – ხელახალ არჩევნებს

“ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ არჩევნები ჩატარებულია, მეტიც – ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩეულმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პარლამენტის დროულად ამოქმედებას და არა – ხელახალ არჩევნებს.

,,ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ქმედებები და ეს სიჯიუტე. თუ მართლაც დგას პლებისციტის საკითხი, გამოდის, ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ მოსახლეობის თანხმობას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რატომ არიან დარწმუნებულნი, რომ ამ თანხმობას მიიღებენ? საქმე ის არის, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ არჩევნები ჩატარებულია, მეტიც – ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩეულმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პარლამენტის დროულად ამოქმედებას და არა – ხელახალ არჩევნებს. ჩემი აზრით, მთელი საზოგადოების, ამომრჩევლის უპატივცემულობაა დღეს ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი.

არჩევნების ერთი ობიექტური დამკვირვებელიც კი არ არსებობს, რომელიც ამბობს, დარღვევები იყო ისეთი მასშტაბის, რომ შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა შედეგებზეო. მე რაც მოვისმინე, უფრო პირიქით ამბობენ, მეტიც – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ლამის პირდაპირ გვითხრეს, წინა არჩევნები ამაზე მეტი დარღვევით ტარდებოდაო… არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთი ჩვენი პარტნიორი არ ლაპარაკობს ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მაშ, რატომ უნდა ვენდოთ ოპოზიციის – დაინტერესებული მხარის სიტყვას? კარგი, მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ამას დასთანხმდებიან, თუ ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?

თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, დიდი შანსია, რომ მათ უარესი შედეგი მიიღონ, ვიდრე დღეს აქვთ. ეს განსაკუთრებით შეეხება პატარა პარტიებს. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იმ პარტიებს, რომლებსაც დღეს აქვთ პარლამენტში შესვლის შანსი, ამის იმედი ვეღარ ექნებათ, რადგან აუცილებლად ისევ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის ველად იქცევა ქვეყანა.

ჩემი აზრით, ეს პატარა პარტიები თუ ახლა არ შევლენ პარლამენტში, ცოტა ხანში საერთოდ დაიშლებიან. ამ ორომტრიალში ლოგიკას ვერ ვხედავ – გამოდის, არჩევნები იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ ამას ოპოზიცია მიიჩნევს საჭიროდ? არადა, მათ გარდა ეს არავის სურს.

თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დათანხმდა, “ქართული ოცნება” მომხრეებს დაკარგავს და შეიძლება, ამომრჩევლის 70-80%-მა აღარც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, –  განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, როცა ასეთი დიდია ქართული პოლიტიკური პროცესის მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი, ეს მიანიშნებს საგარეო საფრთხეებზე.

,,მე სოციალურ-ეკონომიკურ-პანდემიურ ვითარებასთან ერთად, უპირველსად, საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკას განვიხილავდი, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. როცა ასეთი დიდია ქართული პოლიტიკური პროცესის მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი, ეს მიანიშნებს საგარეო საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება ამ შიდაპოლიტიკური კინკლაობისა და დაპირისპირებისას აღარც გვახსოვს.

შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდური შეხვედრებისას “ნაციონალური მოძრაობიდან” თავისთან სალაპარაკოდ დაიბარა გრიგოლ ვაშაძე და კობა ნაყოფია. ეს უკანასკნელი დღესაც რუსეთის მოქალაქეა, ვაშაძეს კი, მოგეხსენებათ, რუსეთთან რა მჭიდრო ურთიერთობაც აქვს.

უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ამერიკისთვის მხოლოდ შიდა პროცესი არ არის და ამაში ის, სავარაუდოდ, რუსეთის კვალს ხედავს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვაფრთხილებდნენ აშშ-ის ელჩიც და სხვა პარტნიორებიც, შეიძლება, რუსეთმა თქვენს არჩევნებში ჩარევა სცადოსო.

რუსეთისგან მომავალი საფრთხე დღეს ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს. კრემლი დაინტერესებულია, რომ კავკასიაში დასავლეთისთვის ოაზისად დარჩენილი საქართველოც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

თუ ეს ვერსია სწორია და რუსეთი თამაშობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებით, როგორც მისთვის ხელსაყრელი ინსტრუმენტით, სავარაუდოდ, ეს ჯიუტი, არალოგიკური პროტესტი კვლავაც გაგრძელდება მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის კერა,” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები