პუტინი საერთაშორისო წესრიგს ემუქრება – როგორ უნდა მოიქცეს დასავლეთი?

ახლახან, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. 63 წლის მირიან თაზიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან გაიტაცეს. ეს ადგილი ოსურ სოფელს ესაზღვრება, სადაც რუსეთის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი ბაზა მდებარეობს. პანდემიის ფონზე შექმნილი უმძიმესი ვითარების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი, ადგილობრივ მარიონეტებთან ერთად, ისევ აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და კვლავ არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ზოგადად, ხელშეკრულებების გაფორმება, შემდეგ კი მათი დარღვევა, ვალდებულებების აღება და არშესრულება, წესების თვითნებური ინტერპრეტაციაც რუსეთის ხელწერაა. საქართველოშიც, ისევე როგორც ყველგან და ყველას წინააღმდეგ, კრემლი უწყვეტი ხაზივით ინარჩუნებს „უტიფრობის“ პოლიტიკას.

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს „თანამშრომლობისა“ და „მეტი გამჭირვალობისკენ“ ხშირად მოუწოდებს. ასევე, აკრიტიკებს დასავლურ ქვეყნებს ისეთი სამყაროს შექმნისთვის, სადაც თითქოსდა წესები აღარ არსებობს. არადა, რა ირონიულია, რომ ყველაზე ხშირად აგრესიულ მეთოდებს სწორედ რუსეთის ფედერაცია მიმართავს. მეზობელი თუ ყოფილი გავლენის სფეროს ქვეყნების ოკუპაცია, პოლიტიკური ოპონენტების მოწამვლა, მათი სიცოცხლის განადგურება, კერძო სამხედრო კონტრაქტორი ფირმების მიერ შესრულებული კრემლის უკანონო ოპერაციები ლიბიასა და სირიაში, არჩევნებში ჩარევა, დემოკრატიული პროცესების დაზიანება, შპიონაჟი – ეს ოფიციალური მოსკოვის „საამაყო მიღწევების“ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა ჰგონია, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოწინავე პოზიციები რაც შეიძლება მეტი მიმართულებით დაიბრუნოს ან შეინარჩუნოს. პუტინის პოლიტიკა გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული ნაციონალისტურ სენტიმენტებს ეფუძნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტს სჯერა, რომ რუსეთი ცივი ომის შემდეგ დაიჩაგრა. მან სწორედ რუსეთისთვის „წართმეული“ დიდების დაბრუნების პირობით მოახერხა თავის დროზე მოქალაქეების მობილიზაცია. ახლა კი მიზნის მისაღწევად და კუნთების გასათამაშებლად ნებისმიერ ბინძურ მეთოდს იყენებს.

იმასაც ამბობენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის მხრიდან რეგიონში ალტერნატიული, დასავლეთის საპასუხო სისტემის შემოღებას ემსახურება. ასე, მაგალითად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პუტინის მინი ევროკავშირის ვერსიაა, დსთ – გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია კი – ნატო-ს ერთგვარი ანალოგი. მოკლედ, განდიდების მანიით შეპყრობილი ავტოკრატი ლიდერობანას თამაშობს, ალიანსებს ქმნის, სადაც კონკურენციას თავს აარიდებს და, ამავდროულად, წურბელასავით განაგრძობს დასავლური ორგანიზაციების წევრობას, ძირითადად, ეკონომიკური გამორჩენის მიზნით.

საინტერესოა, რომ ფედერაციას ისეთ დოკუმენტებზე აქვს ხელი მოწერილი, როგორიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და ვენის კონვენცია. ის ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებასაც ინარჩუნებს. თუმცა, ეს თანამედროვე რუსულ იმპერიას ხელს სულაც არ უშლის, ნებისმიერ დროს მიმართოს სამხედრო აგრესიას ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორებიც არის, მაგალითად, უკრაინა და საქართველო. მირიან თაზიაშვილის გატაცების ფაქტიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთისთვის არცერთი ის დოკუმენტი, რომელიც ვახსენეთ, არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს.

2014 წელს ყირიმში გამართული უკანონო რეფერენდუმის შემდეგ, პუტინი საერთაშორისო სამართლის არასწორი ინტერპრეტაციით რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციასაც კი ცდილობდა. ყირიმის რეფერენდუმი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის, გაერო წესდებით გათვალისწინებულ ერთა თვითგამორკვევის უფლებას“, – აცხადებდა პრეზიდენტი.

ერთა თვითგამორკვევის ცნება გაერო-ს დოკუმენტებში მართლაც არსებობს, თუმცა, რუსებს ტრადიციულად დაავიწყდათ, რომ ამ უფლებით სარგებლობისთვის კონკრეტული ერი მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც უკრაინის შემთხვევაში ნამდვილად არ გამოკვეთილა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაერო-ს არ ტოვებს, რითიც ძირითად ფასეულობებსა და ღირებულებებს იზიარებს,   სუვერენიტეტის პრინციპსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მაინც ჯიუტად არღვევს.

საინტერესოა, რომ 2018 წელს უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე გაგზავნილ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა სამხედრო ძალას გაერო უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით იყენებს, ამით  ტერორისტები სარგებლობენ.ამ დროს კი, 2008 წელს ფედერაციას არავისთვის უკითხავს, შეეძლო თუ არა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაერღვია და ომი დაეწყო. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე რუსეთის ჯარია განთავსებული ისევე, როგორც ფედერალური უსაფრთხების სამსახურის კონტიგენტი და ბაზები. მეტიც, 2017 წელს პუტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ, ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები. მან მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთს  საკუთარი ინტერესების მიღმა არაფერი აღელვებს.

ვენის კონვენციაც პუტინისთვის მხოლოდ ფარატინა ფურცელია. ამაზე სხვადასხვა ქვეყნიდან გამოძევებული რუსი ჯაშუშების დიდი რიცხვიც მიუთითებს. დოკუმენტით, რომელზეც რუსეთს ხელი აქვს მოწერილი, დიპლომატიური ურთიერთობების ძირითადი წესებია დადგენილი. ჩამონათვალში დიპკორპუსის საშუალებით ინფორმაციის მოპარვასა და შპიონაჟზე არაფერი წერია. სწორედ ამიტომ, „საქმიანობისთვის შეუსაბამო ქმედებებისთვის“ რუსი დიპლომატები რიგ-რიგობით ბრუნდებიან დედა-სამშობლოში.

პუტინის რუსეთში წესებს ერთი კაცი ადგენს. ყველამ ვნახეთ, როგორ დაიხვია თითზე ქვეყნის კონსტიტუცია და იმპერიაც გაიფორმა. იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ავტოკრატი ოდესმე საერთაშორისო სამართლის გულმხურვალე დამცველად იქცევა. მისთვის ყველა ორგანიზაცია და ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როცა რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრის შესრულებაში შეიძლება, გამოადგეს. მაშინაც, თუ მის მიერ არაერთხელ დარღვეული წესებით სხვებისთვის მოუნდება მითითებების მიცემა. სანამ საერთაშორისო საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ რუსეთის იმპერატორს მკაცრი, ერთიანი და მყარი პოზიციით უნდა დაუპირისპირდეს, მანამდე საქართველოს მოქალაქეებსაც უკანონოდ გაიტაცებენ, ყირიმშიც არაერთ რეფერენდუმს ჩაატარებენ და პრიგოჟინიც ბევრი ფულის შოვნას მოასწრებს სირიაში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა მისი უკანონო ქმედებების საპირწონე ნაბიჯები დაინახოს და რეალური საფრთხე იგრძნოს, თორემ სხვანაირად სამყაროს ყველასთვის სახიფათო ადგილად ნაბიჯ-ნაბიჯ აქცევს.

თემურ წილოსანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები