„2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები საკმაოდ ოპტიმისტურადაა განსაზღვრული“, – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

“2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები საკმაოდ ოპტიმისტურადაა განსაზღვრული”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე აცხადებს.

ანგურიძემ ბიუჯეტის პროექტი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„2021 წლის ბიუჯეტის მიღება საქართველოს პარლამენტს საკამოდ რთულ ვითარებაში უწევს იქედან გამომდინარე, რომ მთავრობას ახალი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება ქვეყანაში არსებული ნეგატიური ვითარების ფონზე მოუწია. ეს პროცესი მიმდინარეობდა კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა იყო უჩვეულო ფონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს მსოფლიოში. ყველა მთავრობას, სახელმწიფოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს გადაწყვეტილების მიღება, რაც, ბუნებრივია, აისახება ყველა საბიუჯეტო პროცესზე.
ბიუჯეტის პარამეტრები საკმაოდ ოპტიმისტურადაა განსაზღვრული. ლლ იქედან გამომდინარე, რომ კრიზისული ვითარება გვაქვს ქვეყანაში. ეს მთელს მსოფლიოში ასეა. მაშინ, როცა ბევრი სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკას მიმართავს, მომავალი წლის ბიუჯეტი ჩვენთან გაზრდილი მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი. პირველადი მონაცემებით, 18 მილიარდს გადასცდა მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ეს გულისხმობს იმას, რომ მთავრობა უფრო მეტად აქცენტს აკეთებს,  პოლიტიკა, რაც აქვს არჩეული, შეინარჩუნოს. ეს ეხება, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულების გაძლიერებას, მეორე მხრივ, სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობას.
რაც ეხება საგარეო ვალის ნაწილს, ერთი მხრივ, გვაქვს გაზრდილი პარამეტრები 2020-21 წლებში, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ამ ფონზე ჩვენთვის ეს კრიტიკულად პრობლემას არ წარმოადგენს. ამის დაბალანსება, გარკვეულწილად, კარგი საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ხარჯზეა შესაძლებელი“, – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ, არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.
ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით. როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები