თინა ხიდაშელი – კობა დავითაშვილზე: ამ შლეგებს ჰგონიათ, სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ახლა რასაც დავწერ, არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერის რაციონალიზაციას, მათ შორის, სიბრაზის, სიბრიყვის…
კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი “კერასინკის” წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურითა და “პელეს” სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით.
ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა, ქვეყნის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით.
იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში 4 წელს მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულ დახმარებას ვეწეოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.
არასოდეს დამავიწყდება “არსენა მარაბდელის” ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი, რომელიც სწორედ კობას მიჰყავდა. 13 წლის მანძილზე, პრაქტიკულად, დღე არ ყოფილა, ერთმანეთი არ გვენახა, სულ ვკამათობდით – მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში.
ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ – თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით …
ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე – როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი…
შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისევ სულ ვკამათობდით, ვდავობდით, მერე იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებელი საათები …
ბოლო 5-6 წელია, არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან – ტელევიზორიდან, ხან – საერთო მეგობრებისგან…
კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე – რომ ასე მძიმედ თუ იყო, ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.
აქ ვიღაც არაჯანსაღი მაინც მგონია, ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.
ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუსტეებისა და სიპატარავის გამო, ალბათ, მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ.
ამ შლეგებს ჰგონიათ, სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია.
ამ უგუნურ შლეგებს ჰგონიათ, არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი.
ალბათ, მართლაც ჰგონიათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა, წარმოდგენა არ გვაქვს, საერთოდ ვინ არიან ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ახლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნურებითა და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგვინონ.
მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს ….
ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება”, – წერს ხიდაშელი.