ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება

აჭარაში ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება.

ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება.

ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიან აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის. ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციონები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა.

ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. პროექტის განხორციელებას კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ჭვანის ხეობა, ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით არის გამორჩეული. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით.

აღსანიშნავია ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები