ქეთევან ბუბუტეიშვილი TV პირველის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს “ცილისმწამებლურს” უწოდებს

არჩილ თალაკვაძის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, TV პირველმა ცილისმწამებლური სიუჟეტი გამოაქვეყნა.

”’მინდა, გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს. კადრებშიც კარგად ჩანს უბრალო რემონტი და ავეჯი. გადავწყვიტეთ ამ ბინის გაყიდვა და დროებით გადავედით ნათესავთან, რომ ამ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ახალ, მშენებარე ბინაში შევიტანოთ. გოგოები წამოიზარდნენ და ცხადია, გაფართოების სურვილი ასეთ დროს ნებისმიერ მშობელს აქვს.

ბინას ყიდიან ბროკერები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე აკეთებს. დაცვა კი არჩილს პროტოკოლით ეკუთვნის ამ თანამდებობაზე და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა, დასაცავი პირის ბინაში, საცხოვრებელ სივრცეში უცხო პირი მარტო არ დატოვოს. რა იყო ამ სიუჟეტში საერთოდ სენსაციური და ყურადღებამისაქცევი?! კაკლებში ახალი რეზიდენცია არის აბსურდული დეზინფორმაცია. ასეთი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ფუნქციებს, ის შეზღუდვების პირობებშიც დისტანციურად მუშაობს ყველასათვის.

რა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ ამ აბსურდსა და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ? თავს არ ვიმართლებ, 10-15 წელია, ორივე  ვმუშაობთ. არასდროს უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს. უბრალოდ, გაკვირვებასა და გულისტკივილს გამოვხატავ. ყველაფერს წესითა და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან, ძალიან სამწუხაროა”, – წერს ბუბუტეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები