„დედა გვთხოვდა, ოთხივე ძმას გადაგვეღო სურათი და გაგვეგზავნა იმის ნიშნად, რომ ცოცხლები ვიყავით“ – 1938 წელი, საბჭოთა კავშირი

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ასეთი მსხვერპლი იყო მრავალშვილიანი დედა აღათი კაკაჩია.


შვილის, ორდენ მესხიას მოგონებებიდან…

1938 წლის ივლისში ტაშკენტიდან მივიღეთ დედის წერილი, დაწერილი 12 აპრილს. ეს იყო უსაზღვრო სიხარული. წერილში დედა გვთხოვდა, ობლად დარჩენილ ოთხივე ძმას ერთად გადაგვეღო სურათი და დედისთვის გაგვეგზავნა იმის ნიშნად, რომ ცოცხლები ვიყავით. არ დაგვევიწყებინა ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი დის, ნურას საფლავი, ამანათით გაგვეგზავნა გამხმარი პური და არ გვედარდა ჩვენს მშობლებზე… უბედურ დედას თურმე ამ სურვილის ასრულებაც არ ეღირსა: უფრო ადრე გარდაცვლილიყო, სანამ მის წერილს მივიღებდით. ეს ჩვენ ოქტომბრის თვეში გავიგეთ, როცა ამანათი უკან დაგვიბრუნდა ცნობით: რომ ა.მ. კაკაჩია გარდაიცვალა 1938 წლის 22 აპრილს ტაშკენტის პატიმართა ბანაკში.

აღათი კაკაჩია და მისი მეუღლე, ლევან გუჯას ძე მესხია ცხოვრობდნენ სოფელ ობუჯში. მეუღლე 1905 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში და დაპატიმრებას მიმალვით გადაურჩა. მალევე ლევან მესხიას, ისევე როგორც აჯანყების სხვა მონაწილეებს, ამნისტია შეეხო და ის ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა. 1930 წელს ლევან მესხიაზე ЧК-მ კიდევ ერთხელ მიიტანა ანტისაბჭოთა გამოსვლის ორგანიზების ეჭვი, იგი კვლავ მიიმალა და ამის შემდეგ ვერც ძალოვანმა ორგანოებმა და ვერც ოჯახმა მის კვალს ვეღარ მიაგნო.

მეუღლის ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, აღათი კაკაჩია და 5 მცირეწლოვანი შვილი 1931 წელს გამოაძევეს საკუთარი სახლიდან.

„დედაჩემი და ჩვენ, ხუთი შვილი გაგვრეკეს სახლ-კარიდან, სახლის კარი და ფანჯრები ფიცრებით აჭედეს და ჩვენ აგვიკრძალეს ეზოში შესვლა.“ – იხსენებს შვილი, ორდენ მესხია.

ბავშვები და ქალი მეზობლებმა ზამთრის მოახლოებისას ფარულად შეიფარეს, რადგან მათ ამის გაკეთებას აკრძალული ქონდათ და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. 1932 წელს აღათი კაკაჩიას ტრაგიკულად გარდაეცვალა ერთადერთი ქალიშვილი – ნურა, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოწყალება გამოიჩინა და ოჯახს საკუთარ ეზო-კარში დაბრუნების უფლება დართო.

აღათი კაკაჩია 1938 წლის 22 თებერვალს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა, ანტისაბჭოთა აგიტაციის და ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით, 8 წლით გადაასახლა შრომა-გასწორების კოლონიაში. გადასახლებიდან 2 თვეში, 22 აპრილს იგი გარდაიცვალა…

შვილის, ორდენ მესხიას მოგონებები პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს, წალენჯიხის საზოგადოებრივ პოლიტიკურ გაზეთში – „ეგრისი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები