კრემლი – „ის, ვინც სპორტულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავს“

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანლების მიმართ სულ უფრო მეტი საერთაშორისო სადამსჯელო სანქცია წესდება. სანქციების მთავარი მიზეზია: კრემლის მიერ კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ ძალადობრივი, არასამართლებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების უწყვეტი ჯაჭვი. დასავლეთის ქვეყნები კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ, რადგან ფიქრობენ, რომ კრემლის შეჩერებაა საჭირო და დრო აღარ ითმენს. უკვე ყველასთვის ნათელია, რომ კრემლის მთავარი დასაყრდენი დღეს საბჭოთა ყაიდის სპეცსამსახურებია, რომლებიც არც ევროპული სახელმწიფოების მიწაზე  თაკილობენ არასასურველი პირების მოშორებას და, მით უფრო, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განაგრძობენ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ოპოზიციონერების ლიკვიდაციის მცდელობებს. თითქოს, როგორი უცნაურია, მაგრამ ამ უწყებების ხელის ფათურმა ლეგენდარული რუსული სპორტის პერსპექტივებიც კი, ფაქტობრივად, დამარხა.ვლადიმერ პუტინმა, რომელიც რუსი ერის აღორძინების ამბიციებით არის განმსჭვალული, იმდენს მიაღწია, რომ  4 წლის განმავლობაში რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობა აეკრძალათ. მათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა მხოლოდ ნეიტრალურ სტატუსში შეუძლიათ – საკუთარი დროშის, ჰიმნისა და ეროვნული იდენტობის გარეშე. როდესაც ვისმენთ იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სანქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებს, გავიხსენოთ სწორედ ეს ფაქტი, რომლის შედეგადაც არა მარტო კრემლმა, არამედ უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებმა უდიდესი დარტყმა მიიღეს. მით უფრო, ყველამ ვიცით, რამხელა სიამაყეს წარმოადგენს რუსეთისთვის სპორტის არაერთ სახეობაში ასპარეზობა და რამდენად დიდ წარმატებებს აღწევდნენ ისინი სხვადასხვა დროს.

რუსული სპორტსმენების 4-წლიანი დისკვალიფიკაციის  ეს სკანდალური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წელს მიიღო. ასევე, რუს სახელმწიფო მოხელეებსა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანლებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალათ. რუსეთი ვერც საკუთარ ტერიტორიაზე გამართავს საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებს. ამას გარდა, რუსეთის ანტიდოპინგურ კომიტეტს შესაბამისობის სტატუსი ჩამოერთვა. ამ უწყების ხელმძღვანელმა, იური განუსმა მაშინ თქვა: „ეს არის ჩვენი სპორტისთვის ტრაგედია – მინუს ორი ოლიმპიადა, მინუს ყველა საერთაშორისო შეჯიბრი, მინუს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზება.“

ამ სასჯელის მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში აყალბებდა თავისი სპორტსმენების დოპინგის სინჯებს, ხოლო რუსი სპორტსმენები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მასშტაბური ფალსიფიკაციის წყალობით იმარჯვებდნენ. მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის სინჯებზე მანიპულაცია სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, ხოლო შედეგი იწვნია მთელმა რუსეთმა – ასეთი სამარცხვინო სკანდალი მსოფლიო სპორტს არ ახსოვს. როგორც ცნობილია, მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში სპორტსმენების პირადი ფაილების წაშლა ხდებოდა, იცვლებოდა თარიღები, ათასობით მონაცემი წლობით ყალბდებოდა და ამაში რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების ზედა ეშელონებიც კი იყვნენ ჩართულნი. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ კრემლს დაემტკიცებინა,  რუსეთი სპორტშიც კი სხვებზე წინაა, აგრძელებს საბჭოთა ტრადიციას და პირველობას არავის უთმობს. ამ მიზანმა, რომელიც დანაშაულებრივი გზით მიიღწეოდა, საბოლოოდ, ფსკერამდე და დიდ სირცხვილამდე მიიყვანა ქვეყანა.

ამ შემთხვევაში, გერმანიის ოლიმპიური სპორტული კავშირის თავმჯდომარე ალფონს ჰორმანის სიტყვები აბსოლუტურად გამართლებული იყო: „ის, ვინც წლობით ფეხქვეშ თელავს სპორტის ღირებულებებს, საჯარიმო სკამზე უნდა იჯდეს“.

მართალია, დუმის ვიცესპიკერი, ოდიოზური პიოტრ ტოლსტოი ამბობდა, რომ სულ არ სჭირდებათ მსოფლიო ოლიმპიადა, საკუთარი ალტერნატიული ოლიმპიადა გავმართოთო, მაგრამ ასეთმა განცხადებებმა რუსი სპორტსმენები ვერ დაამშვიდა. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გიმნასტის, სვეტლანა ხორკინას სიტყვებმა კი მთელი მსოფლიო გააოგნა. მან კორონავირუსის პანდემიის გამო 2020-ის ოლიმპიადის გადატანა „ღვთის სასჯელად“ მონათლა. მისი თქმით, კოვიდ-19 იმიტომ გავრცელდა, რომ მსოფლიომ რუსეთსა და რუს სპორტსმენებს აწყენინა.

ახლახან სპორტული სამყაროს  ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიქცია – ბრიტანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსმა ჰაკერებმა „კიბერ სადაზვერვო“ ოპერაციები ჩაატარეს ტოკიოს ოლიმპიადის წინააღმდეგ, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ოპერაციები მიმართული იყო ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების, მომწოდებლების, ლოჯისტიკური სფეროსა და სპონსორების მიმართ. ГРУ-ს მოქმედებები ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ ცინიკური და უგუნურია. ჩვენ ამას პრინციპულად ვგმობთ“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

რუსი კომენტატორები და სპორტსმენები ფიქრობენ, რომ ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის სპორტი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ასეთი ქმედებების გამო ისჯება. უფრო მეტად კი კრემლის ქმედებები აზიანებს იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც თვითონ სპორტია ცხოვრება.

გელა სალუქვაძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები