ვერცხლის ქუჩა, ზარგარხანა, თბილელის ქარვასლა და მალაკნების ბაზარი – ძველი, ძველი, ძველი თბილისი

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ვერცხლის ქუჩაზე, ზარგარხანაზე და თბილელის ქარვასლაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ძველთბილისური ადგილები.


ვერცხლის ქუჩა – დასახელება გადმოგვცემს შუა საუკუნეების ქალაქის ტრადიციას ხელოსანთა დარგობრივ განლაგებაზე ქუჩებსა და უბნებში. ადრე ამ ქუჩაზე ჩამწკრივებული იყო ოქრომჭედელთა რიგების დიდი ნაწილი. ამასთან, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ქუჩების ქსელში. იგი უშუალოდ აკავშირებდა დიღმის კარს შუა ბაზართან (დღევანდელი აფხაზის ქუჩა).

ზარგარხანა – ასე ერქვა ოქრომჭედელთა რიგებს. თბილისში ოქრომჭედელთა რიგები ვერცხლის ქუჩაზე იყო განლაგებული, თუმცა ოქრომჭედელთა ცალკეული სახელოსნოები სხვა უბნებშიც არსებობდა.

თბილელის ქარვასლა – გვიანფეოდალურ თბილისში ქალაქის უმთავრესი ქარვასლები აწინდელი სიონის ქუჩის დასაწყისში, სიონის სიახლოვეს იყო თავმოყრილი. სიონის მხარეზე, მის გვერდით ქარვასლა 1650 წელს აუშენებია მეფე როსტომს და იგი თბილისისათვის უბოძებია. ეს ქარვასლა ვახუშტი ბაგრატიონს თავის თბილისის გეგმაზე №12-ით აქვს დატანილი. ქარვასლა აღნიშნულია თბილისის 1800 წლის გეგმაზე და კვადრატული მოხაზულობისა ჩანს, ვრცელი შიდა ეზოთი. ამ ქარვასლის ნანგრევებზე აშენდა (აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის კიდევ ერთი მსხვერპლი) XIX საუკუნეში არწრუნის ქარვასლა.

მალაკნების ბაზარი – ეს საკოლმეურნეო ბაზარი მდებარეობდა რკინიგზის ხიდის გადმოღმა. ეს ბაზარი მალაკნების საზოგადოებამ დააარსა XIX საუკუნის სამოციან წლებში. მალაკნები ძირითადად მედროგეობას და მეეტლეობას მისდევდნენ, ხოლო ბაზარზე თევზით, მარილითა და ნაკლებად – რძით ვაჭრობდნენ. „მალაკნების ბაზრის“ სახელი ამ სავაჭროს არსებობის ბოლო დღემდე შერჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები