ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა – “მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას”
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მან ხმა მისცა ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის N1 უბანზე.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია ამომრჩევლების აქტიურობა.
„მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას. როგორც იცით, ზუგდიდში პირველ ტურში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ, დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ჩიქოვანმა აღნიშნა: „ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება. როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები“ მეორე ტურში არ მონაწილეობენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით უნდა იყოს უგულებელყოფილი ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და საკუთარ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.