ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს ოკუპაციის თემა არ არის პარტიული თემა, ის ზოგადქართული ტკივილია

კომპანია ,,ჯორჯიან ეარვეის”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, “ლელოს” ყოფილი წევრი  თამაზ გაიაშვილი საკუთარ ,,ფეისბუქგვერდზე,, მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით გამონახონ რესურსი საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ,,კვირა” პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრს, ანა ნაცვლიშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა:

-თამაზ გაიაშვილის პოზიცია ,,ლელოს” ოფიციალური პოზიციაა თუ ის მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია?

-ბატონი თამაზი ჩვენი წევრი არ არის და მას არც რაიმე ოფიციალური თანამდებობა ჰქონია პარტიაში. რუსეთი ოკუპანტია, მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ეს ფაქტი დღესავით ნათელია, თუმცა ომი რუსეთ-საქართველო შორის დღეს არ დაწყებულა, ის 2 საუკუნეა, მიმდინარეობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ამიტომაც, საქართველო პირისპირ არ უნდა დარჩეს ოკუპანტთან. დიალოგი რუსეთთან მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ევროპელი პარტნიორების პირველი პირების ჩართულობით უნდა წარიმართოს. ევროატლანტიკურ კურსზე აქცენტირება დღევანდელი ქართული პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს. ამაყი ვარ, რომ, სწორედ ჩვენი ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. სამწუხაროდ, ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი დღემდე დეკლარირებულ ხასაიათს ატარებს და ძალზე ცოტა კეთდება ქვეყნის რეალური ინტეგრირებისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

-თქვენი აზრით, რა აფერხებს საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ?

-ავიღოთ თუნდაც ეკონომიკური საკითხები, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე. მიუხედავად ამ დოკუმენტისა, სტატისტიკური მონაცემები და DND-ის კვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად ჩვენი პროდუქცია მეტად დამოკიდებული ხდება რუსულ ბაზარზე, ფაქტობრივად, ჩვენი ეკონომიკა რუსულ ბაზარსაა ჩამოკიდებული და მიბმული. ასევე, სრულად რუსულ ენერგეტიკაზეა მიბმული ქართული ენერგეტიკაც. სწორედ ასეთ მიდგომებში ვხედავ ქართული სახელმწიფოსთვის დიდ საფრთხეს. ჩვენ მუდმივად უნდა ვაფიქსირებდეთ სახელმწიფოს სწრაფვას ევროატლანტიკური კურსისკენ. ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებისთვის ყოველდღიური, დაუღალავი მეცადინეობაა საჭირო. ჩვენ მუდმივად უნდა ვაყენებდეთ ყველა დონის საერთაშორისო ფორუმზე საკითხს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს ომის თემა დღეს აღარსად ისმის მკაფიოდ, მეტიც, ეს თემა საერთოდ აღარ არის აქტუალური. თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად, არავინ ჩვენ ნაცვლად ამას არ გააკეთებს. გარდა ამისა, ქვეყანა მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის. სხვანაირად ჩვენ მათ ვერ შემოვირიგებთ. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისას სახელმწიფო დელეგაციის ფარგლებში ვიყავი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში. ჩემი თვალით ვნახე ის სიდუხჭირე და უპატრონობა, რომელსაც იმ სოფლების მკვიდრი თითოეული ქართველი განიცდიდა. არა – სკოლა და სამედიცინო დაწესებულება, არა – გზა და ელემენტარული მაღაზიაც კი. საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური ნივთების საყიდლად ადამიანებს ათეული კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. თუ შენ, როგორც სახელმწიფო, ოკუპაციას აპროტესტებ, იმ საზღვრისპირა უპატრონობისთვის ვერ მოგივლია? საქართველოს ოკუპაციის თემა არ არის პარტიული თემა, ის ზოგადქართული ტკივილია და ამ პრობლემის ირგვლივ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. შეუქცევადი სვლა დასავლეთისკენ საქართველოს დეოკუპაციის საფუძველი უნდა გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები