“ვერ გავაკეთებ კომენტარს ,,ლელოს” ყველა რიგითი წევრის მოსაზრებაზე” – კახა კოჟორიძე თამაზ გაიაშვილზე

“პარტიაში ,,ლელო საქართველოსთვის” უამრავი ადამიანია გაერთიანებული. ბევრ მათგანს პარტიული თანამდებობა უჭირავს, ბევრიც პარტიის რიგითი წევრია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ,,ლელოს” ყველა რიგითი წევრის მოსაზრებაზე”, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრმა, კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით მისივე პარტიის წევრის, თამაზ გაიაშვილის მოსაზრებას ეხებოდა.

თამაზ გაიაშვილმა საკუთარ “ფეისბუქ გვერდზე” განცხადება გამოაქვეყნა, რომელმაც ყარაბაღის ომის შედეგების ფონზე აზერბაიჯანულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები განიხილა და განაცხადა, რომ ქართულმა დიპლომატიამ უნდა გადახედოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და მოახერხოს რუსეთთან მოლაპარაკების გზით საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაზე დიალოგის დაწყება. გაიაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროატლანტიკურ კავშირში გაერთიანების 30- წლიანი უშედეგო დიპლომატიური ბრძოლა და აღნიშნა, რომ საქართველომ კარდინალურად უნდა შეცვალოს ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან.
კოჟორიძემ თავი შეიკავა საკუთარი თანაპარტიელის, თამაზ გაიაშვილის მოსაზრებების კომენტირებისგან და განაცხადა:
“პარტიაში ,,ლელო საქართველოსთვის” უამრავი ადამიანია გაერთიანებული. ბევრ მათგანს პარტიული თანამდებობა უჭირავს, ბევრიც პარტიის რიგითი წევრია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ,,ლელოს” ყველა რიგითი წევრის მოსაზრებაზე. გაგაცნობთ მხოლოდ ჩემს აზრსა და პარტიის საგარეო პოლიტიკურ ხედვას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ. პირადად მე ,,ლელოს” წევრი იმიტომ გავხდი, რომ ვიზიარებ პარტიის პოლიტიკურ ხედვას საქართველოს დასავლურ, დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანების შესახებ. პროდასავლურობა და დასავლური ცივილიზაციის ნაწილად გახდომის სურვილი ყველა ,,ლელოელის” მთვარი ამოცანაა. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროატლანტიკური საბჭოს სრულფასოვანი წევრი. მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობით საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. 21-ე საუკუნეშიც კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ ცვლის იმ პოლიტიკურ ხედვებს, რაც მას ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ჰქონდა. ამის მშვენიერი მაგალითია ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფია – ,,ისტორიული რარიტეტები.” წაიკითხეთ ეს შრომა და დარწმუნდებით, რომ რუსული პოლიტიკურ ხედვაში, ჯერ კიდევ 1919 წლიდან და უფრო ადრეც, ალექსანდრე მეორისა და ერეკლე მეორის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. რუსეთი არ გახლავთ სანდო პარტნიორი არც ჩვენთვის და არცერთი ცივილიზებული ქვეყნისთვის დედამიწის ზურგზე. რუსეთთან მარტო, პირისპირ დარჩენილ საქართველოს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვს. დღეს თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ერეკლე მეორეს ჰქონდა. გვყავს ბევრად მეტი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი და მეგობარი, სხვა პოლიტიკური ბერკეტი, რომ მოვახერხოთ და გავთავისუფლდეთ რუსული ოკუპაციისგან. რამდენად სწორად ვიყენებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რესურსს, ეს უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური კითხვა საქართველოს მთავრობასთან, ვიდრე ის, დავიწყოთ თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად”, – განაცხადა ,,კვირასთან” საუბრისას კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები