შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის შეზღუდვით დემოკრატიას ემიჯნებიან
“ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის შეზღუდვით დემოკრატიას ემიჯნებიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასეთი ქმედება არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია.
„ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დღესაც დაადასტურეს მოწოდება, რომ ამომრჩევლებს შეუზღუდონ შესაძლებლობა, საკუთარ რჩეულს თავისუფალ გარემოში ხმა მისცენ, რაც არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური საქციელია. ამით ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას ემიჯნებიან. ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ და მეორე ტურებში მონაწილეობა მიიღონ. დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი. ამავე დროს, ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, რომ აქტიურები იყვნენ. არ მოდუნდნენ იქედან გამომდინარე, რომ ოპონენტები მეორე ტურში მონაწილებას თითქოსდა არ იღებენ. საარჩევნო უბნებზე აქტიურად გამოცხადდნენ და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მისცენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.