გოგა ხაინდრავა – ,,ოპოზიციამ ნებაყოფლობით აირჩია პოლიტიკური ჭაობი, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირს“

“დღევანდელ მსოფლიოს ბურჯანაძე-ბოკერიასა და ელისაშვილ-ბესელიას პრობლემებზე სალაპარაკოდ არ სცალია”.

მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ ქართული ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებსა და
კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ,,კვირა“ კინორეჟისორ
გოგა ხაინდრავას ესაუბრა:

– ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ,
ქართული ოპოზიცია განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებას შეცვლის და პარლამენტში
შევა?

-ოპოზიცია ჭაობშია, რომელშიც საკუთარი თავი თავადვე ჩააგდო. მე ერთი რამ
მაკვირვებს – ყველა რატომ ჩახტა ასე მწყობრად ,,ნაციონალური მოძრაობის“
ნავში და იმ დღის წესრიგით რატომ მიდიან, რომელსაც მომავალი არ აქვს?
თანამედროვე მსოფლიო დღეს არც ბრმაა და არც  – ყრუ. როდესაც შენივე
ეგზიტპოლების, პარალელური დათვლისა და ოფიციალური შედეგები ემთხვევა
ერთმანეთს, იქ გაყალბება გამორიცხულია. იმიტომ არ თანხმდებიან ხმების
გადათვლას! არჩევნების გაყალბება 2008 წელს იყო, თუ იყო. მიზანმიმართულად
პარალელურ სამყაროში მყოფი ხალხის გარდა, 2020 წლის არჩევნების გაყალბების
არავის სჯერა, თუმცა, მათი მედიასაროსკიპოები, რომლებიც ვნებებს
უკმაყოფილებენ პოლიტშემკვეთებს საკუთარ ტელევიზიებში, ძალიან
ცდილობენ, სიცრუეში ამყოფონ საზოგადოება… ამ პროცესს “მედიაპროსტიტუციას”
დავარქმევ, რადგან ვნებების დაკმაყოფილება ბევრი ხერხით ყოფილა
შესაძლებელი, გონებითაც და მეტყველებითაც… მე ის მაკვირვებს,
ახალგაზრდები როგორ წამოეგნენ ამ ანკესს და როგორ ჩაყვნენ ამ წარსულის
ხალხს ამ ჭაობში, საიდანაც ვეღარ ამოდიან.

– პარლამენტში შეუსვლელობის მტკიცე გადაწყვეტილებას აანონსებენ ის
პარტიებიც, რომლებმაც 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს.

-ჰო, ეს ტრაგიკომედიაა უკვე, ბურჯანაძეს საშვს თუ არ დაუშვებენ
პარლამენტში, ისედაც ვერ შევა. ესაა ზუსტად ჭაობი ბურჯანაძე- ნათელაშვილი-
,,ნაციონალური მოძრაობა. თუ ქალბატონ ნინოს ჰგონია, რომ საკუთარი
,,ინსტაგრამის,, გვერდიდან პუტინის სურათების მოშორება და ბაიდენის
სურათების გამოფენა პროამერიკელსა და პროდასავლელს გახდის, ძალიან
ცდება. ყველას ყველაფერი ახსოვს და საქართველოშიც ისე არ ბნელა, როგორც
მაგათ უნდათ, რომ ბნელოდეს. მაიკ პომპეოს ვიზიტმა ცხადყო, რომ ოპოზიციური
ზრახვებისა და რუსული სცენარების განხორციელებას საქართველოში ამერიკა არ
დაუშვებს.

-კერძოდ, რომელ ოპოზიციურ ზრახვებს?

– დესტაბილიზაციის მცდელობას საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატები არ დაუშვებს. კავკასიის რეგიონი ისედაც ძალზე არასტაბილური გახდა.
ამერიკის ერთადერთ სანდო მოკავშირედ ახლა მხოლოდ საქართველო
განიხილება. ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია ისეთი პროამერიკული კურსი,
როგორიც ამჟამად. სააკაშვილი აქაც და უკრაინაშიც რუსული ძალაა და ეს სადავო
უკვე აღარავისთვისაა. ასე რომ, ამერიკელები რეგიონში ერთადერთ მშვიდ და მათი
სტრატეგიული ინტერესების გამტარ ქვეყანას რუსებს სააკაშვილს ხელით
თავდაყირა არ დააყენებინებენ. იცის ამერიკამ მშვენივრად, სად და ვისთან
ითანამშრომლოს.

-ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს და ქუჩაში დარჩება?

-ვინც ქუჩაში აპირებს დარჩენას, მათი ადგილი ზუსტად იქ არის, ქუჩაში. მაჭუტაძე
და ბაჩუკი ქარდავა სხვაგან სად უნდა იდგნენ? დანარჩენები ერთმანეთს
შეასწრებენ პარლამენტში. დააკვირდით, რა ხდება მეორე ტურის არჩევნებში,
სადაც ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატები მოხსნა. იცოდნენ, რომ ისედაც ვერ
გაიარჯვებდნენ და ,,დემონსტრატიულად განრისებულებმა“ დატოვეს ბრძოლის
ველი. თუ პროტესტი უნდათ, რატომ პარტიულ სიებს არ ხსნიან? მაგრამ ვინ
მოახსნევინებს, ფული აქვთ უამრავი გადახდილი სიებში მოხვედრისთვის,
გადახედეთ შემადგენლობებს.. ვინ აპატიებთ ამ ფულის წყალში გადაყრას?
ბარამიძესა და გოგორიშვილს პარლამენტში შესვლას ვინ დაასწრებს, მთელი
ცხოვრება ბიუჯეტის ჭიებად ჩამოყალიბებულ ,,პოლიტიკოსებს?“
-2020 წლის საარჩევნო პროცესსა და დამდგარ შედეგს როგორ შეაფასებდით?
-ამ არჩევნებში 8 პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატი. 27% ,,ნაციონალურმა
მოძრაობამ“ მოიპოვა. 3-4 თვის შექმნილმა პარტიებმა ბარიერი გადალახეს და
გარკვეული მანდატების რაოდენობა მიიღეს. მსოფლიოში სად ხდება ასეთი რამ?
თუ ახლა ოპოზიცია უღალატებს ამომრჩეველს, რომელმაც ის გარკვეული
მიზნების გასახორციელებლად შეიყვანა პარლამენტში, საკუთარი მომხრეების
დიდ ნაწილს სამუდამოდ დაკარგავენ. ვინც ამომრჩევლის ნებას უარს ეუბნება,
პასუხიც მყისიერად უბრუნდება, საპირწონე.

-იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მართლა არ შევა პარლამენტში, ერთპარტიულ
პარლამენტს მივიღებთ, რაც გარკვეულ უხერხულობებს შექმნის…

-უხერხული ვისთვის იქნება? ქვეყანასა და ამომრჩეველს რომ ერთპარტიული
პარლამენტი აერჩია, მაშინ იქნებოდა უხერხული ნამდვილად, მართლაც არ
იქნებოდა კარგი სურათი. ეს პოლიტიკური ჭაობი თუ არ შევა პარლამენტში,
ძალიანაც კარგი. დიდი არაფერი დაშავდება, ჩვენს ქვეყანასაც მოვუვლით
უმაგათოდ და – ყველა პრობლემასაც. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, შემდეგ კიდევ – მერების არჩევნები. ასე
რომ, წინ საინტერესო პროცესები გველის.
-რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია ყარაბაღის ომის შედეგებმა
ძლიერ შეარყია?
-უმეცრებაა ამგვარად აზროვნება. დღეს თუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ
სომხეთზე გამავალ ნახიჭევან- დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე
რომელიმე ჭკუათმყოფელი ქვეყანა ან ბიზნესი სერიოზულ ფულს ან ფსონს
დადებს და ნავთობ ან გაზსადენს გაჭრის?! აბა, რა გითხრათ, ძალიან საეჭვო
ექსპერტული მოსაზრება მგონია. ანდა რა მოიგო რუსეთმა? თუ აქამდე მთელი
ყარაბაღი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, ახლა მისი ტერიტორიის 2/3-საც ვეღარ
აკონტროლებს. სომხეთი, რომელიც რუსეთის სატელიტად მოიაზრებოდა
მუდამ, ალბათ, ახლა მაინც ისწავლის ჭკუას, რა შედეგი მიიღო რუსეთთან
ჩახუტების შედეგად…
-სომხეთი, ალბათ, არაფრით ელოდა საკუთარი სტრატეგიული მოკავშირისგან
ამგვარ ,,ღალატს“. სომხური საზოგადოება, პოლიტიკოსები და მედია
აღშფოთებას ვერ მალავენ ,,ჩაბარებული“ ყარაბაღის გამო…
-რუსეთი ამ აღშფოთებულებს ,,ცივ წყალს“ დაალევინებს და ამ
უკმაყოფილებასაც დააცხრობს, კარგად თუ არ გაიაზრებენ და სწორ დასკვნებს არ
გამოიტანენ, რომ ეს მსოფლიო მხოლოდ რუსეთი არ არის….თუმცა, ჩვენი
მეზობლები ახლა მართლაც ურთულეს მდგომარეობაში არიან ლტოლვილთა
დიდი ნაკადისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. ეს პანდემიაც მძვინვარებს.
დიდი ვნებათაღელვაა ყარაბაღის გარშემო, ბევრი მოთამაშე არის
დაინტერესებული ამ რეგიონით, ძველიც და ახალიც, აგერ საფრანგეთში
ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების ხმებიც გაისმა, თურქეთი სხვას
ფიქრობს, ევროპა დუმს, ჯერჯერობით. შფოთავს მსოფლიო. ამერიკაში
აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას დიდი აფიორა განხორციელდა. ასე
რომ, ჩვენი პოლიტიკური ჭაობისთვის მერწმუნეთ, დღეს მსოფლიოს არ სცალია.
რადგან თავად გადაწყვიტეს, რომ მათი ადგილი სწორედ იქ არის, დაე, დარჩნენ
კიდეც ჭაობში, დანარჩენებმა კი განვაგრძოთ მომავალი ცხოვრება.
ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები